logo
ENG



DRI: ხელისუფლების უმოქმედობა ალტ-ინფოს ძალადობრივ რიტორიკას აძლიერებს

01 ივნ 202216:12
3 წუთის საკითხავი
clock 1030
DRI: ხელისუფლების უმოქმედობა ალტ-ინფოს ძალადობრივ რიტორიკას აძლიერებს
Euronews Georgia

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) წერს, რომ ხელისუფლების უმოქმედობა ლგბტქ+ ადამიანების მიმართ ალტ-ინფოს ძალადობრივ რიტორიკას აძლიერებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ლგბტქ+ პირების შეკრების, მანიფესტაციისა და თანასწორობის უფლების რეალიზაციის სახელმწიფო საფრთხედ აღქმა, ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

DRI მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობა მათ ძალადობრივი მოვლენების მდუმარე თანამონაწილედ ხდის და სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს ახალისებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ზურაბ მახარაძის მუქარის შემცველ განცხადებაზე, რომელიც დანაშაულის ნიშნების შემცველია
  • გაატარონ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან ასაცილებლად
  • უზრუნველყონ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ყველა ხელმძღვანელი პირების დაკავება.

26 მაისს, თბილისი პრაიდმა განაცხადა, რომ წელს პრაიდის კვირეული 28 ივნისიდან 2 ივლისამდე იქნება, თუმცა ღირსების მარში არ გაიმართება. მათი თქმით, "არ გააჩნიათ არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად".

მოგვიანებით, ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდა, “სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“ პრაიდს არ მისცენ ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. მისი განცხადებით, პრაიდის ჩატარების შემთხვევაში, ალტ ინფო დააორგანიზებს ხალხის გარეთ გამოსვლას, რის გამოც, ექსცესებმა შეიძლება მიიღოს არაკონტროლირებადი სახე - "ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე წინა წელს". 


close დახურვა