logo
ENG



კულტურის სამინისტრო: ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანა დღეიდან დაიწყება

01 ივნ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock 1563
კულტურის სამინისტრო: ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანა დღეიდან დაიწყება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებენ, რომ ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანა დღეიდან დაიწყება. 

უწყების განცხადებაში წერია:

"საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ UNESCO-სთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოში 2021 წელს მოვლინებულმა ექსპერტებმა, პირველ ეტაპზე, შეისწავლეს საგანძურში განთავსებული ექსპონატების მდგომარეობა, მოამზადეს დასკვნა, რის საფუძველზეც, უცხოელი ექსპერტების მიერ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, ბოლო რამდენიმე დღეა მიმდინარეობს მუშაობა იმ ექსპონატების პრევენციულ კონსერვაციაზე, რომელთა მდგომარეობა საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას მათ ტრანსპორტირებამდე. აღვნიშნავთ, რომ შემუშავებულია რეკომენდაციები საგანძურის ექსპონატების შესაბამის სივრცეებში ეტაპობრივად, უსაფრთხოდ გადატანასა და განთავსებასთან დაკავშირებით. არაერთი ექსპონატი ტრანსპორტირებისათვის მზადაა, ხოლო ევაკუაციის პროცესი ეტაპობრივად უკვე დღეიდან დაიწყება. მუზეუმის შენობის დაცლის პროცესის დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრამდე.

ექსპონატები დროებით სხვადასხვა სივრცეში განთავსდება, შესაბამისი სამუზეუმო სტანდარტების დაცვით.

რაც შეეხება საგანძურის ექსპონატებს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მოსაზრების საფუძველზე, შერჩეულ იქნა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის ყოფილი სივრცე, რომელიც სარგებლობაში გადაეცა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს და მის მფლობელობაში დარჩება მომავალშიც. მოცემულ სივრცეში დამონტაჟებულია ტემპერატურისა და ტენიანობის მაკონტროლებელი, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემები.

საგანძურის კოლექციის გადაადგილება განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მონაწილეობით, ასევე, მაღალი კომპეტენციის, სხვადასხვა პროფილის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების, მათ შორის, ექსპონატთა უსაფრთხო გადაადგილების სპეციალისტის ჩართულობით, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უნარები და გამოცდილება ამ მიმართულებით. დეტალურად იქნება გაწერილი ექსპონატების გადასატანად მოსამზადებელი სამუშაოებიც.

ტრანსპორტირების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ექსპონატების გადაადგილებისას უზრუნველყოფენ მათ დაცულობას. ტრანსპორტირების პროცესის სწორად წარმართვის მიზნით, ხელოვნების მუზეუმს განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ". 

***

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტროს განცხადებით, ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, თავად გათავისუფლებულები კი პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ.

გარდა მუზეუმის თანამშრომლების დევნისა, თეა წულუკიანი მუზეუმის შენობის ნაწილობრივ დანგრევას გეგმავს - 2021 წლის 22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". 

ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 


close დახურვა