logo
ENG



ხმაური იყო ჯანაშიას მუზეუმთან, სადაც ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ნაწილი გადაიტანეს

01 ივნ 202220:17
3 წუთის საკითხავი
clock 1349

ხმაური და დაპირისპირება იყო ჯანაშიას სახელობის მუზეუმთან, სადაც ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ნაწილი გადაიტანეს. დაზიანდა ის ავტომობილიც, რომლითაც ექსპონატები გადაჰქონდათ.

ადგილზე შეკრებილნი იყვნენ ანჩისხატის ხატის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ გასაჯაროებულიყო, თუ სად გადააქვთ ანჩისხატი და დაუბრუნდება თუ არა ის ეკლესიას.

როგორც ისინი ჰყვებიან, ამ კითხვების დასმის შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირება დაიწყო. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, მათ ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხები, გადაიტანეს თუ არა ანჩისხატი დღეს.

მათ სურთ, რომ ხელოვნების მუზეუმმა ექსპონატების გადატანის პროცესი გაასაჯაროოს და ხატების დაცულ სივრცეში გადატანის პროცესი უზრუნველყოს.

"მუზეუმში რატომ უნდა გადასვენდეს, როცა შეიძლება აქვე ჩაუტარდეს იქ გაწმენდითი სამუშაოები და პირდაპირ ტაძარში გადასვენდეს. მეორე საკითხი ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო ცივილური. კარტოფილის მანქანით გადაიტანეს, ფორდები რომ არის ხოლმე ღია, ასეთი მანქანით გადაიტანეს. ეჭვი გაგვიჩნდა, სიწმინდეებზე შეგვტკივა გული"- თქვა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანა დღეს დაიწყო. ანჩისხატის ხატი ხელოვნების მუზეუმში ინახება. ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემის თხოვნით ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს 2021 წლის 2 აგვისტოს მიმართა.

***

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტროს განცხადებით, ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, თავად გათავისუფლებულები კი პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ.

გარდა მუზეუმის თანამშრომლების დევნისა, თეა წულუკიანი მუზეუმის შენობის ნაწილობრივ დანგრევას გეგმავს - 2021 წლის 22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". 

ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

 


close დახურვა