logo
ENG



კობახიძე: EPP მოქმედებს სამწუხარო პრინციპით, რომ ვიღაც არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემი ცუდი ბიჭია

02 ივნ 202200:14
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: EPP მოქმედებს სამწუხარო პრინციპით, რომ ვიღაც არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემი ცუდი ბიჭია

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ევროპის სახალხო პარტიის განცხადების ტექსტი, რომლითაც საქართველოში არაფორმალური მმართველობა და პოლიტიკური დევნაა გაკრიტიკებული, ნაციონალური მოძრაობის მიერ არის დაწერილი. 

პროსამთავრობო მედიის, იმედის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რაც ამ ევროპულ პარტიაშია ჩამოყალიბებული". 

"აქ მოქმედებს სამწუხარო პრინციპი, რაც ისტორიულად არის ცნობილი, რომ ვიღაც არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემი ცუდი ბიჭია. ცოტა რბილად ვთქვი, თუმცა ნაცმოძრაობას უფრო უხეში ტერმინები შეესაბამება. EPP-თვის დამახასიათებელია, რომ შეუძლია ხელი დააფაროს ისეთ პოლიტიკურ პარტიასაც კი, თუ წევრია, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და ნაცმოძრაობა არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი. ეს არის ძალიან სამწუხარო". - ამბობს კობახიძე. 

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ენმ-ს და ოპოზიციას ქვეყანაში "არეულობა, გადატრიალება და ომი სურს", რაც გამოწვეული იქნება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმით. კობახიძე ირწმუნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ივნისის ბოლოს კანდიდატი ვერ გახდება, სწორედ ოპოზიციის ბრალი იქნება და არა მმართველი გუნდის მიერ გადადგმული არაერთი არასწორი ნაბიჯის. 

"მთელი ტექსტი ისეა აგებული, რომ სწორედ საპირისპირო გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს ევროკავშირს. აქედანაც ჩანს, სინამდვილეში რა არის ნაცმოძრაობის ნამდვილი მიზანი. ეს მათთვის ერთგვარად ბოლო იმედია. ჩვენ ვთქვით, მათ თავებში რა სცენარი იხარშება, ეს არის ის, რომ ჩვენ არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოაყოლონ მერე არეულობის სცენარი, ხელისუფლების გადატრიალება, ომი და ა.შ. ეს არის ძალიან მარტივი სცენარი, რომელიც მათ აქვთ დაგეგმილი, თუმცა რა თქმა უნდა, ამას განხორციელება არ უწერია. ყველაფრიდან ჩანს, რომ მთელი მათი საქმიანობა უახლოესი კვირების განმავლობაშიც მიმართული იქნება იქით, რომ რამენაირად მიაღწიონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას". - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. 

ირაკლი კობახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ნებისმიერი დასავლური ქვეყნის, საერთაშორისო ინსტიტუტის თუ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და პარტიების კრიტიკის პასუხად ოპოზიციის მხრიდან ომისა და გადატრიალების მცდელობებზე ლაპარაკობენ. 

ევროპის სახალხო პარტიის წერილში, რომელიც 31 მაისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ისინი "ბოლო წლებში დიდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას".

ხაზგასმულია პოლიტიკური დევნა და ექსპრეზიდენტის და ოპოზიციური მედიის დამფუძნებლის დაპატიმრება და აღნიშნულია, რომ "გასამართლება, დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, მათ შორის, აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ამ ტენდენციების ნათელი მაგალითებია". 


close დახურვა