შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცხეთაში, დასახლებულ პუნქტში ავტომატიდან სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შემთხვევა ორი დღის წინ რესტორან მარანი ჰოლის ღია სივრცეში მოხდა.
ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი ავტომატიდან რამდენჯერმე ისვრის. მას ერთ ხელში ღვინის ჭიქა უჭირავს, მეორეში კი - იარაღი.
ფორმულას ინფორმაციით, ეს პიროვნება კონსტანტინე ნატროშვილია.
რაც შეეხება რესტორნის პოზიციას, ფორმულა დაუკავშირდა მარანი ჰოლის წარმომადგენლებს, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვებს მომხდართან დაკავშირებით არ უპასუხეს და თქვეს, რომ ინფორმირებულები არ იყვნენ და ტელეკომპანიას "კომპეტენტური პირები" თავად გადმოურეკავდნენ.
შეკითხვაზე, სროლის შემდეგ ადგილზე მივიდნენ თუ არა პოლიციიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ტელეფონი გათიშეს.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შსს-მ მოკვლევა ადმინისტრაციული წესით დაიწყო, შემდეგ კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლით დაიწყო.