logo
ENG



"პროგრესი რეფორმების გარეშე ვერ ხდება" - ბოლქვაძე მუზეუმიდან გათავისუფლებულების პროტესტზე

10 ივნ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock 570
"პროგრესი რეფორმების გარეშე ვერ ხდება" - ბოლქვაძე მუზეუმიდან გათავისუფლებულების პროტესტზე

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლების პროტესტის საპასუხოდ ამბობს, რომ "პროგრესი რეფორმების გარეშე ვერ ხდება".

ბოლქვაძემ ევრონიუსთან საუბარში თქვა, რომ სამინისტროს მიერ დაგეგმილ საკადრო ცვლილებებში კულტურის კომიტეტი ვერ ჩაერევა.

"მივესალმები ყველა პროგრესულ იდეას და პროგრესი ვერ ხდება, სამწუხაროდ, რეფორმის გარეშე. ეს არის ნორმალური პროცესი და არ არის მიმართული პირადული ან რაიმე ისეთი პროცესების მიმართ, რომელიც არის მართული, წინასწარ დასახული და ა.შ.

ის არის ალბათ მინისტრის პრეროგატივა, რომელიც გაეცნო სიტუაციას, რომელმაც შეაფასა გარკვეული სფეროები და მის მიხედვით ის იღებს გადაწყვეტილებას.

საკადრო ცვლილებებში ნამდვილად კულტურის კომიტეტის არჩარევა და ვერჩარევა საერთოდ, არამიზანშეწონილად მიმაჩნია ამის განხილვა. თუკი ამა თუ იმ ადამიანს აქვს გარკვეული პრეტენზია, რომელიც არის სწორი ან არასწორი ან მათ მიაჩნიათ, რომ ეს სწორია ან არასწორია, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროსთან, მის ადმინისტრაციასთან და თუ ისინი არ დაკმაყოფილდნენ, ხდება სასამართლო პროცესები, რაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავერევით", - ამბობს ბოლქვაძე.

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტროს განცხადებით, ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, თავად გათავისუფლებულები კი პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ.

გარდა მუზეუმის თანამშრომლების დევნისა, თეა წულუკიანი მუზეუმის შენობის ნაწილობრივ დანგრევას გეგმავს - 2021 წლის 22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". 


close დახურვა