PHR-მა (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში პირველი დავა მოიგო.
კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმე ეხება 2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 3,5 წლის აღსაზრდელმა აღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა - სახლი კარგად ვერ დახატა, რის გამოც მასწავლებელმა მას სახისა და ყურის არეში ხელი დაარტყა.
PHR წერს, რომ მომხდარზე ბავშვის მშობელმა პოლიციას მიმართა - სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ ბავშვს სახეზე დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნის გამოყენებით.
მათივე ცნობით, ბავშვის ოჯახი მომხდარზე პოლიციისგან პასუხს რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა, რის შემდეგადაც ორგანიზაცია PHR-ს მიმართეს.
"საქმეში ჩართვის დღიდან ორგანიზაციის ადვოკატებმა არაერთხელ მოითხოვეს გიორგის მიმართ ჩადენილი ძალადობის სათანადოდ გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება, თუმცა უშედეგოდ.
2018 წლის 8 ივნისს ადვოკატებმა გიორგის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს მის მიმართ აღმზრდელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.
პროკურორმა ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ვერ დგინდებოდა, რომ ბავშვს დაზიანებები ძალადობის შედეგად ჰქონდა მიღებული. პროკურორის უარი გიორგის ადვოკატებმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ. პროკურატურამ ბავშვის დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა"- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, ბავშვის ადვოკატებმა მტკიცებულებები შეაგროვეს და 2018 წლის ნოემბერში გიორგის უფლებების დასაცავად გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს.
"2022 წლის 7 ივნისს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.
კომიტეტმა განმარტა, რომ გიორგის საჯარო ბაღში მისვლისას სახეზე რაიმე დაზიანება არ ჰქონდა. ვერ იქნა წარდგენილი რაიმე დამაჯერებელი განმარტება ბავშვის ყურებსა და სახეზე არსებული დაზიანებების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ საჯარო ბაღის მასწავლებლის მიერ ბავშვის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა.
კომიტეტმა მხედველობაში მიიღო, რომ ბავშვმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა საჯარო ბაღის აღმზრდელის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მოპყრობა, რაც განმტკიცებული იყო სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვის ბებიის მონათხრობით, რომ მას ხშირად უნახავს იგივე აღმზრდელი როგორ სჯიდა მის შვილიშვილსაც. ასევე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც.
აღმზრდელის მითითება, რომ ბავშვის სახეზე დაზიანება ალერგიის შედეგი იყო, არ დასტურდებოდა სხვა მტკიცებულებით"
ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია გამოძიების სტანდარტი და სახელმწიფოს დაავალა უზრუნველყოს ეფექტური კომპენსაციის გაცემა ბავშვზე.
"ბავშვის მიმართ ძალადობის საქმეებზე გამოძიებას უნდა აწარმოებდნენ კვალიფიციური პროფესიონალები, ვისაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი და უნდა იყენებდნენ ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ და ბავშვზე მორგებულ მიდგომებს. სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა შესაძლო გონივრული ნაბიჯი რომ დაიცვან ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები. ასევე, გამოძიება უნდა წარმიმართოს სწრაფად და გონივრულ ვადაში.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით კომიტეტმა აღნიშნა, რომ ბავშვი სპეციალიზებულმა გამომძიებელმა გამოკითხა ფსიქოლოგისა და მამის თანდასწრებით, თუმცა სახელმწიფომ არ უზრუნველყო გამოკითხვის ვიდეო გადაღება, რომ დაეცვა ბავშვის ჩვენება შემდგომ განხილვებში გამოყენების მიზნით ან იმის დასადგენად, რომ ბავშვს ნამდვილად განემარტა სიმართლის თქმის მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაიწყო. დაახლოებით 10 თვე დასჭირდა გამოძიებას გამოეკითხა ბაღის ორი თანამშრომელი, რომლებიც ასევე ადანაშაულებდნენ აღმზრდელს, 15 თვე დასჭირდა სხვა ბავშვების მშობლების გამოსაკითხად. სახელმწიფომ ვერ ახსნა ამ გაჭიანურების მიზეზები. ბავშვის ადვოკატს გამოძიების დაწყებიდან 19 თვის შემდეგ მიეცა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება.
საბოლოო ჯამში, კომიტეტმა განმარტა, რომ 5 წელზე მეტი დროა სახელმწიფო აწარმოებს გამოძიებას მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე. კომიტეტმა დაასკვნა, რომ ამგვარი გამოძიება ვერ აკმაყოფილებს სისწრაფისა და ეფექტურობის სტანდარტებს.
კომიტეტის განმარტების თანახმად სახელმწიფომ არ გამოიჩინა სათანადო გულმოდგინება და ვერ უზრუნველყო ბავშვის მიმართ სხეულებრივი დასჯის საქმეზე ეფექტური გამოძიების წარმოება, რითაც დაარღვია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლი".
ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფომ 180 დღის ვადაში უნდა წარადგინოს ინფორმაცია გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
"სახელმწიფომ ასევე უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი რომ უზრუნველყოს მსგავსი დარღვევების პრევენცია, განსაკუთრებით სხეულებრივი დასჯის შემთხვევათა სწრაფი და ეფექტური გამოძიება.
კომიტეტს სურს სახელმწიფომ 180 დღის ვადაში წარადგინოს ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ასევე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროება და ფართოდ მისაწვდომობა ქართულ ენაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს არის გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის პირველი გადაწყვეტილება ბავშვის სხეულებრივ დასჯასთან დაკავშირებით, სადაც კომიტეტმა სახელმწიფოს დარღვევა დაუდგინა"- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
შენიშვნა: ტექსტში მოყვანილი სახელი [გიორგი] ორგანიზაციის მიერ შეცვლილია პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით.