
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ დიმიტრი ხუნდაძის პოზიცია პარტიის ოფიციალური პოზიცია არაა. ამავე დროს, ვოლსკის მიაჩნია, ხუნდაძის განცხადებას ვნებათაღელვა არ გამოუწვევია და "საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ისე ფიქრობს". დეპუტატის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
"საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ისე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება და საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უსამართლოა, აბსოლუტურად შეუსაბამო მასში მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემები. დიმიტრი ხუნდაძემ გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა რასაკვირველია, ეს პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის. ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა მიიღებს. ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული, საქართველოს ექნება მხარდაჭერა და ის წევრობის კანდიდატი გახდება", - ამბობს ვოლსკი.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს "უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს", ქვეყანამ ამაზე უარი უნდა თქვას.
დიმიტრი ხუნდაძე ქართული ოცნების სწორედ ის ე.წ. ამბოხებული დეპუტატია, რომლის მეშვეობით მმართველმა გუნდმა 2019 წელს ჩააგდო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 20 ივნისის მღელვარების შემდეგ საზოგადოებას სწორედ ასეთ სისტემას დაჰპირდა.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.
თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია. დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს.
რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა.