logo
ENG



NGO-ები: ევროინტეგრაციის პროცესზე ოცნების ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია

12 ივნ 202214:08
3 წუთის საკითხავი
clock 1066

18 საზოგადოებრივი ორგანიზაცია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის პასუხად ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და საქართველოს შესაძლო უარზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ქართული ოცნების ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ევროპულ არჩევანს.

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო და სახიფათო განცხადებები არამხოლოდ უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს” - წერია განცხადებაში.

18 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვინაიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ბლოკში ქვეყნის წევრობის სავალდებულო საფეხურია პრემიერი ღარიბაშვილის მხრიდან სტატუსის დაკნინება და მის სიმბოლურობაზე საუბარი მოსახლეობაში „ევროსკეპტიკური დამოკიდებულებების გაღვივების სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პირდაპირ ეხმიანება რუსულ ნარატივებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაუშვებლობის შესახებ”.

NGO-ები აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ მათ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებების აღმოფხვრისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მნიშვნელობა გაცნობიერებული არ აქვთ.

ხელმომწერი 18 ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • საპარლამენტო რეზოლუციის გზით დაუყოვნებლივ დაადასტუროს მზაობა, განუხრელად დაიცვას ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფება და განაცხადოს კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა გადადგას.
  • ევროკავშირს და საქართველოს მოსახლეობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს გეგმა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში მითითებული პრობლემების სისტემური გადაჭრის გზებს ისახავს.
  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახიფათო და დანაშაულებრივი რიტორიკა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები.

განცხადებას ხელს 18 NGO აწერს:

1. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
2. სამოქალაქო იდეა
3. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
4. ღია საზოგადოების ფონდი
5. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
6. მწვანე ალტერნატივა
7. ადამიანის უფლებათა ცენტრი
8. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
10. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
11. საფარი
12. რონდელის ფონდი
13. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
15. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
17. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
18. უფლებები საქართველო

 

close დახურვა