logo
ENG



"ლუგარის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს" - ზახაროვა კრემლის პროპაგანდას აგრძელებს

12 ივნ 202218:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/12/32otgs2lunjc0pn.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ლუგარის ცენტრის საქმიანობაზე კრემლის პროპაგანდას აგრძელებს.

როგორც ზახაროვამ Tass-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ პასუხს მოითხოვს.

ზახაროვა ამბობს, რომ აშშ-ის საერთაშორისო სამხედრო ბიოლოგიური აქტივობის რეალური მიზნების შესახებ კითხვები არსებობს.

"ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში გავააქტიუროთ მექანიზმები კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებს კონსულტაციებს BTWC-ის მონაწილე სახელმწიფოებს შორის კონვენციის მიზნებთან ან განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას. ასევე თანამშრომლობა შესაძლო დარღვევების გამოძიების შემთხვევაში", - ამბობს ზახაროვა.

კითხვის დროს - "იცის თუ არა, რომელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ატარებს ვაშინგტონი ბიოლოგიურ კვლევებს", ზახაროვამ საქართველო და ლუგარის ლაბორატორია ახსენა.

"არაერთხელ ყურადღება მიიქცია ლუგარის ე.წ. კვლევითმა ცენტრმა, სადაც მუდმივ რეჟიმში განლაგებულია აშშ-საქართველოს არმიის სამედიცინო კვლევის ადმინისტრაცია. რუსმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, ასევე ქართველმა ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, არაერთხელ აღნიშნეს, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს აშშ-ის მიერ კონვენციის აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხში. კერძოდ, ითქვა, რომ ამ ბიოლოგიური ობიექტის ბაზაზე მიმდინარეობს კვლევები მწერების განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური და ინფექციური აგენტების მატარებლებად გამოყენებაზე.

გასაგები მიზეზების გამო, შეერთებულ შტატებს ურჩევნია გაჩუმდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე სამუშაოების შესახებ და არ აწვდის ინფორმაციას BTWC-ის ნდობის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში... ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკელ კოლეგებს გამოიჩინონ პროფესიონალიზმი და პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად სასწრაფოდ ჩაერთონ მნიშვნელოვან სამუშაოებში ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებში, მათ სამხედრო ბიოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული სიტუაციის გამოსასწორებლად", - აცხადებს ზახაროვა.


close დახურვა