თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ "სამარცხვინოა ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუციის თითოეული სიტყვა".
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ხაზგასმულია მოწოდება ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ. გარდა ამისა, დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედია გარემოს გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს. რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.
კახა კალაძე ამბობს, რომ "არავის გამოუვა, ივანიშვილი პოლიტიკაში დააბრუნოს და ქვეყანა ომში ჩართოს".
"ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია - თუ ვინმე გულისხმობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, რომ ტყუილად ცდილობენ ამას, მერწმუნეთ, არავის არაფერი გამოუვა.
ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე დიდი საქმე, რაც ქვეყანას გაუკეთა, იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და იმ ბოროტების მოცილება ქვეყნისთვის, იმ ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სახით იყო წარმოდგენილი". - ამბობს კალაძე.
მისივე განცხადებით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს სტატუსი მიიღოს.
"თუ გადაწყვეტილება იქნება, რომ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის, რათა მოვხვდეთ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, თუმცა მგონია, რომ გადაწყვეტილება დადებითად იქნება მიღებული". - განაცხადა "ოცნების" გენმდივანმა.
კითხვაზე, რა რეაქცია ექნება ხელისუფლებას, თუ ევროკომისია და ევროსაბჭო რეზოლუციაში ნათქვამ განცხადებას გაიმეორებს, კალაძე პასუხობს, რომ "ყველაფერს აეხდება ფარდა და იტყვის, რეალურად რა ხდება".