IDS BORJOMI International აცხადებს, რომ 2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს.
კომპანიის განცხადებით, შეთანხმების შედეგად:
- მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.
- IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება.
- IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.
"IDS BORJOMI International-ის აქციონერები, მუდმივად ზრუნავდნენ კომპანიის წარმატებაზე, თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე. ჩვენ, IDS BORJOMI, მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს". - აცხადებს IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი.
დღეს, 13 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბორჯომის აქციონერებთან მოლაპარაკებები დასრულდა და საქართველოს მთავრობა კომპანიის თანამფლობელი გახდება.
ბორჯომს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთმა კი რუსეთს და რუს ოლიგარქებსა და ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა. ბორჯომმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა.
IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.
ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ.
კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა.
დღემდე კომპანიის თანამშრომლები აქციებს მართავენ. მათ ბორჯომის პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი მოახდინეს.
გაფიცული თანამშრომლები ქარხნიდან უკანონოდ გათავისუფლებული 49 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.