
კულტურის მინისტრი და ვიცე პრემიერი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლებას დადებითი მოლოდინი აქვს იმ კრიტიკული რეზოლუციის მიუხედავად, რომელიც ევროპარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.
სამთავრობო ტელეარხის, იმედის ეთერში წულუკიანმა თქვა, რომ "დესტრუქციული ძალები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მოქმედებენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს", თუმცა, "მას სჯერა სიმართლის და იმის, რომ მთავარი ფაქტებია და არა აღქმები".
წულუკიანი ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილის 14 ივნისის ბრიფინგსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ პრეზიდენტმა ლაპარაკისას ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა, ისაუბრა ისეთ საკითხებზეც, რასაც ეთანხმება.
"ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიანობა იმას კი არ გულისხმობს, რომ ჩვენ გვითხრან რა ჯობს და ეს იყოს თავს მოხვეული ჩვენივე ქვეყნისთვის, არამედ გვჯერა იმის, რომ ეს უნდა იყოს დიალოგი. ერები, რომლებიც ერთიანდებიან საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორიც არის ევროკავშირი, ყველა ქვეყანა თანასწორია. ეს არის საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი.
ყველა სახელმწიფო თავისი ზომის, რწმენის, ენის თუ ანბანის მიუხედავად თანასწორია. თანასწორობის პირობებში ჩვენ მივიღებთ დიალოგის რეჟიმს, დადებით პასუხს და ამ დიალოგის რეჟიმში უნდა იკვეთებოდეს, ევროპულ გზაზე როგორი რეფორმა სჯობს საქართველოსთვის. პრეზიდენტმა მხოლოდ ისეთი რამეები არ თქვა, რასაც კატეგორიულად არ უნდა დაეთანხმო. მან თქვა ასეთი რამ რაც აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის და უნდა დავეთანხმო, რომ ევროპისგან უნდა ავიღოთ და მივიღოთ ის, რაც არის მისაღები". - თქვა თეა წულუკიანმა.
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური დევნის და სხვა პრობლემების ხაზგასმასთან ერთად არის მოწოდება, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის სანქციები დაუწესდეს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ რეზოლუციას "ჩალის ფასი აქვს". ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი დაგმეს ოცნების სხვა წევრებმაც. სალომე ზურაბიშვილმა კი მმართველი გუნდის მუშაობა "ცუდად" შეაფასა, ვინაიდან ვერ უზრუნველყვეს, რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი უარყოფით და სანქციების კონტექსტში არ ეხსენებინათ.
რეზოლუცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე იქნა მიღებული.
სტატუსის შესახებ ევროკომისიის წინასწარი დასკვნა 17 მაისს გამოქვეყნდება. მიიღებს თუ არა ქვეყანა სტატუსს, 23-24 ივნისის ევროკომისიის შეკრბაზე გაირკვევა. საქართველოსთან ერთად, სტატუსის მიღებას უკრაინა და მოლდოვაც ელოდებიან.