logo
ENG



"მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები პრეზიდენტს მიმართავენ, შეიწყალოს გვარამია

16 ივნ 202214:09
3 წუთის საკითხავი
clock 1031

მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები თხოვნით მიმართავენ ზურაბიშვილს, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება იქნება გზა, რომლითაც პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საკუთარ როლს შეასრულებს.

"მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ და დადებითად გადაწყვიტოთ მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი, რადგან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის “მთავარი არხის” დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის დაპატიმრებით რეალური საფრთხე შეექმნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

სამართლიანი კრიტიკა ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის 2022 წლის 8 ივნისის რეზოლუციაშიც "მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევების შესახებ" აისახა, რომლითაც ევროპარლამენტმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო პროცესები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში. მოხარული ვართ, რომ თქვენ მიერ 2022 წლის 14 ივნისს გაჟღერებული წუხილი, ევროპასთან ინტეგრაციის ხარვეზებთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას უდროოდ დაკავებას და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დასჯასაც შეეხო.

ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს. აღნიშნული დასკვნის საფუძველია საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებები.

ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ნიკა გვარამიას დაკავებას არაერთი შიდა და საერთაშორისო აქტორი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მოგეხსენებათ, შეწყალების ინსტრუმენტი სახელმწიფო მეთაურთა ძალაუფლების პაკეტის ისტორიული კომპონენტია. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „“ ქვეპუნქტი შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ კომპეტენციად განიხილავს. ურთიერთშეკავების და გაწონასწორების (checks and balance) მექანიზმში მინიჭებული ფუნქციების მიღმა, სამართლის დოქტრინაში შეწყალების ინსტრუმენტის რამდენიმე ტრადიციული მიზანი განიხილება. მათ შორისაა ერის კონსოლიდაცია და სახელმწიფო ინტერესების დაცვა.

ერის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვის შესახებ თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი განსაკუთრებული შემოთავაზებაა ქართული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში. ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი მოსახლეობის გაცხადებული სურვილია, საქართველოს პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

მოგმართავთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, შეიწყალოთ ნიკა გვარამია და ამ გზით შეასრულოთ საკუთარი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში, თქვენი უფლებამოსილების გამოყენებით დაამტკიცოთ ევროკავშირის წევრობის რეალური სურვილი და მზაობა ქვეყანამ გადალახოს არსებული დაბრკოლებები"- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიაომბუდსმენი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ღია საზოგადოების ფონდი

close დახურვა