logo
ENG



სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო

22 ივნ 202218:14
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური ვეტო.

"დღეს ვიყენებ ვეტოს, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება და ყოველ კანონზე, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს.

ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება, რომ ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროვებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, ვიყოთ უფრო ევროპელი", - თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

ქართული ოცნების დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს. ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება. ქართული ოცნების კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო.


close დახურვა