logo
ENG



ღარიბაშვილმა 5 ივლისს ძალადობა წაახალისა, პროვოცირებაში კი დღესაც აქტივისტებს ადანაშაულებს

22 ივნ 202221:04
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილმა 5 ივლისს ძალადობა წაახალისა, პროვოცირებაში კი დღესაც აქტივისტებს ადანაშაულებს

ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 5 ივლისს ძალადობა წაახალისა - მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. 

ძალადობიდან 6 დღის შემდეგ ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ირაკლი ღარიბაშვილს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, პირიქით, ერთი წლის თავზე, 2022 წლის 22 ივნისს კვლავ აქტივისტების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მათ ენმ-სთან კავშირშიც სდებს ბრალს. 

"არავის არ მოგვეწონა ის თავდასხმები, რაც განხორციელდა ოპერატორების, ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამაზე მთავრობას ჰქონდა მკაცრი რეაქცია - 30-ზე მეტი ადამიანი არის დაჭერილი, გასამართლებული, გა-სა-მარ-თლე-ბუ-ლი!

კითხვა მაქვს, კი, გასაგებია ეს ყველაფერი, დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, ყველა ქვეყანაში! ვინ იყო ამისი ორგანიზატორი, კარგად ვიცით – "ელგებეტე" ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია, ეს ერთი ორგანიზმია. ამათ უკან დგას სააკაშვილი და ნაცმოძრაობა. მათი ორგანიზებული, წახალისებული იყო, ვითომ ეს ღირსების მარში თუ რაღაც რომ უნდა ჩაეტარებინათ, პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. უნდოდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არეულობა, მასობრივი შეტაკებები, პოლიციას გამოეყენებინა ძალა. ეს დაგეგმეს ამ ადამიანებმა.

რაც მოხდა დილის საათებში, ამას არავითარი გამართლება არ აქვს, მაგრამ ეს მოხდა სხვა ცალკეული ინდივიდების, მოქალაქეების მხრიდან მეორე, სხვა ინდივიდების, მოქალაქეების წინააღმდეგ. რაშიც სახელმწიფო ჩაერია, დასაჯა და გაასამართლა ყველა დამნაშავე". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

5 ივლისის ძალადობა

2021 წლის 5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია. 

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ალტ ინფოს და კოკა მორგოშიას ლიდერობით ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს.

მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები მედიის 53 წარმომადგენელს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები.

"არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან.

სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სწორედ სირცხვილიას ოფისის ფოიეში სასტიკად სცემეს ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც ცემიდან 6 დღეში გარდაიცვალა. 

სირცხვილიას ოფისზე თავდასხმას ორგანიზება სწორედ კონსტანტინე მორგოშიამ გაუწია. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი. სულ საქმეზე 30-მდე პირია დაკავებული. სასამართლომ მათ 1-დან 3 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

ხელისუფლებას არ დაუკავებია აქციის ორგანიზატორები. 


close დახურვა