შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 5 ივლისს თბილისის ქუჩებში მასობრივ ძალადობას ეხმაურება და ამბობს, რომ უწყებამ ქუჩებში იმდენი პოლიციელი გაიყვანა, რამდენის შესაძლებლობაც ჰქონდა.
ამასთან, მინისტრი ფიქრობს, რომ პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მისი მტკიცებით, შსს-მ ქუჩებში სპეცრაზმიც გაიყვანა, თუმცა მათ სპეციალური ეკიპირება არ ეცვათ.
"კითხვები ჩნდება, რატომ არ იყო გამოყვანილი სპეცდანიშნულების რაზმი - ვინ გეუბნებათ, რომ სპეცრაზმი არ იყო გამოყვანილი არ ვიცი. სპეცრაზმი იყო გამოყვანილი... სპეცდანიშნულების რაზმი ეს არ არის, რომ აუცილებლად რობოკოპებად ჩაცმულებმა იარონ. ეს არიან პოლიციელები ჩვეულებრივად. როცა სჭირდებათ, რომ ჩაიცვან და აღიჭურვონ ამ ეკიპირებით...არ იყო საჭირო ეს ეკიპირება.
სპეცრაზმი იყო გამოყვანილი - 3 200 კაცი მუშაობდა. 3 ლოკაცია იყო თავიდან, მერე იყო 8 და ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 3 200 ადამიანი რომ გავყოთ 20 ლოკაციაზე, დახლოებით 150 კაცი გამოვა. ფიზიკურად არ არის საშუალება. საშუალება რისიც იყო გამოვიყვანეთ...მოძალადეებს, რისი საშუალებაც იყო ვაკავებდით", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 15 პირი ჰყავს დაკავებული.
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბული იყო 6 ივლისსაც. მედიაზე ძალადობის გამო პარლამენტთან სოლიდარობის აქცია დაანონსების შემდეგ, ძალადობრივი ჯგუფები ისევ შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, თუმცა მათი უმრავლესობა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.