logo
ENG


TI: სტრასბურგის სასამართლომ 5 ივლისის შესახებ საჩივარი წარმოებაში მიიღო

23 ივნ 202201:29
3 წუთის საკითხავი
clock 481
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივარი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისზე თავდასხმასა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას ეხება.

"სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ სირცხვილიას წევრების: სალომე ნიკოლეიშვილის (ბარკერი), ზურაბ ბერძენიშვილის, გიორგი მაქარაშვილისა და მარიამ დოლიძის ინტერესებს ვიცავთ.

საჩივარში მთავარი აქცენტი გაკეთებულია 5 ივლისს მომხდარი ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლთა დაზარალებულად არ ცნობაზე". - აცხადებს TI.

ორგანიზაცია ითხოვს, დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლის, კერძოდ მე-3 (წამების აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა.

5 ივლისის ძალადობა

2021 წლის 5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია. 

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ალტ ინფოს და კოკა მორგოშიას ლიდერობით ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს.

მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები მედიის 53 წარმომადგენელს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები.

"არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან.

სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სწორედ სირცხვილიას ოფისის ფოიეში სასტიკად სცემეს ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც ცემიდან 6 დღეში გარდაიცვალა. 

სირცხვილიას ოფისზე თავდასხმას ორგანიზება სწორედ კონსტანტინე მორგოშიამ გაუწია. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი. სულ საქმეზე 30-მდე პირია დაკავებული. სასამართლომ მათ 1-დან 3 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

ხელისუფლებას არ დაუკავებია აქციის ორგანიზატორები. 


close დახურვა