logo
ENG



მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: სამწუხაროდ, ეს ადამიანი ხშირად გადის თავისი ფუნქციებიდან

23 ივნ 202212:26
3 წუთის საკითხავი
clock 665
მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: სამწუხაროდ, ეს ადამიანი ხშირად გადის თავისი ფუნქციებიდან

ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მოსმენების კანონზე ვეტოს დადება, რომელიც არაა სამართლებრივი და არის პოლიტიკური, დადასტურებაა, რომ პრეზიდენტის მხრიდან მისი ფუნქციები სწორად არაა შესრულებული. როგორც მაჭარაშვილი განმარტავს, კანონპროექტს სამართლებრივი წუნი არ აქვს.

"ერთის მხრივ კარგია, რომ პრეზიდენტმა აღიარა, რომ ეს ვეტო არაა სამართლებრივი და არის პოლიტიკური, ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ ეს ადამიანი ხშირად გადის თავისი ფუნქციებიდან. რა ვქნათ. ეს არის მოცემულობა. ჩვენ შემოვიტანეთ დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინსტიტუტი, ზეპარტიული პრეზიდენტი, ესაა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, ვინ როგორ შეასრულებს ამას, ესაა დამოკიდებული იმაზე, ვინ იქნება პრეზიდენტი", - თქვა მან.

22 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. ეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირველი ვეტოა. 

ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი ვეტო დაძლეული იქნება, თუმცა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ყველა კანონს ვეტოს დაადებს.

"ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება, რომ ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, ვიყოთ უფრო ევროპელი", - თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

ქართული ოცნების დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს. ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება. ქართული ოცნების კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო.


close დახურვა