logo
ENG



საგარეო: EU-მ აღიარა პროგრესი, რაც მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა გატარებული რეფორმები

24 ივნ 202202:46
3 წუთის საკითხავი
clock 696
2022/06/24/edvw9bw9rbq2az1.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ.

სამინისტროს განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

„ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ რიგი რეკომენდაციების შესრულების პირობით.“ - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა სამინისტრო აცხადებს, რომ პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა ის პროგრესიც აღიარა, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია, მათ შორის რეფორმებითა და ძალისხმევით.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დასავლურ ფასეულობებს საფრთხეს უქმნის.

„საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და აღიარა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებში. მართლაც, ეს შედეგი საქართველოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები და ძალისხმევა.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლურ ფასეულობათა სისტემას და ევროპის უსაფრთხოებას, რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერას ამ პროცესში” - აცხადებს სამინისტრო.

ქვეყნის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ამიერიდან საქართველოსთვის ევროპის კარი ცალსახად ღიაა და „საქართველო, როგორც საერთო ფასეულობების ერთგული, ევროკავშირთან ერთად გააგრძელებს რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციას“.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 

 

close დახურვა