
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2018 წელს რელიგიის სააგენტოს გაუქმება დაანონსდა, რომელიც სსრკ რელიგიის საბჭოს ფუნქციებს იმეორებს, თუმცა მისი დაფინანსება დღემდე მუდმივად იზრდება. 2014 წლიდან სააგენტო 43 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ფლანგვის დეტექტორში ამბობენ, რომ ამ სააგენტოს ფუნქციები, ფორმა და სტრუქტურა 1965 წელს, სსრკ რელიგიის საკითხთა საბჭოს მსგავსია, რომელიც რეპრესიული კონტროლის მიზნით შეიქმნა.
"2018 წელს, პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე წარდგენისას, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტო გაუქმდებოდა და მისი უფლებამოსილებები შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროზე გადანაწილდებოდა, თუმცა, მიუხედავად იმჟამინდელი პრემიერის საჯარო განცხადებისა, სააგენტომ კვლავ განაგრძობს საქმიანობას და მეტიც, 2018 წლიდან ყოველწლიურად იზრდება სააგენტოს დაფინანსება.
წელი/დაფინანსება
2022 - 5,388,800
2021 - 5,330,000
2020 - 5,255,700
2019 - 5,246,000
2018 - 5,180,100
2018 წლიდან კი სააგენტოს დაფინანსებასთან ერთად მუდმივად იზრდება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხები, მიუხედავად იმისა, რომ უცვლელია დასაქმებულთა რაოდენობა. 2018 წლიდან სააგენტოში მუდმივად დასაქმებულია 22 შტატიანი თანამშრომელი.
წელი/შრომის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხები
2022 - 646,800
2021 - 588,000
2020 - 553,600
2019 - 541,000
2018 - 426,300
2021 წელს სააგენტომ ზეწოლა განახორციელა მუსლიმ ჯგუფებსა და თბილისის სინაგოგაზე, რათა გამოექვეყნებინათ განცხადებები "ღირსების მარშის" წინააღმდეგ. სააგენტოს საქმიანობა უარყოფითად არის შეფასებული სხვადასხვა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ", - წერია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.