logo
ENG



უზენაესის ყოფილი მოსამართლე ივანიშვილს მიმართავს, დაშალოს სასამართლოს კლანი

28 ივნ 202216:34
3 წუთის საკითხავი
clock 2460

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და სასამართლოს კლანის დაშლას სთხოვს. 

ალავიძე წერს, რომ სასამართლო კორპუსი 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც ელოდა კლანისგან გათავისუფლებას, თუმცა, კეთილსინდისიერ მოსამართლეებს იმედი სწორედ ივანიშვილმა გაუცრუა და კლანი სისტემის სათავეში დარჩა. 

"ახლა, როცა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, თქვენ გაქვთ შანსი ისტორიაში შეხვიდეთ როგორც ჩვენი სახელოვანი წინაპრების გზის გამგრძელებელი, რომელთა სანუკვარი ოცნება იყო ევროპულ ოჯახში დაბრუნება და მათ შორის, დამოუკიდებელი სასამართლოს დაფუძნება, არა ისეთის, რომელიც დღეს ვერ სარგებლობს ნდობით და რომელსაც სახელი აქვს გატეხილი.

ჩემი რჩევა, გინდაც თხოვნა ერთი შეხედვით უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ზოგჯერ საშუალება ამართლებს მიზანს, ისინი ხომ ამ გზით მოვიდნენ დღეს არსებულ პოზიციებზე.

გულწრფელად გეტყვით და სრული პასუხისმგებლობით, ის ადამიანები, რომელთაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ, ასე უხსნიდნენ მოსამართლეებს, მათ შორის მეც, "ახალი მორჩილების" ამბავს:

"ჩვენ ყველა იმ ხელისუფალს უნდა ვემსახუროთ, რომელიც უმრავლესობით მოვა, ასე ვიყავით ნაციონალების დროს, ასე უნდა ვიყოთ ახლა და მომავალში ვინც მოვა იმასთან ვიქნებითო". 

სასამართლო კლანის უვადოდ ჩაბეტონებით თქვენ საფრთხის წინაშე დააყენეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, სწორედ ეს ადამიანები კარნახობდნენ მოსამართლეებს, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, ვიდრე თქვენ ოპოზიციაში იყავით.

დროს ყველაფერი შეუძლია, რა იცით, იქნებ აღმოჩნდეთ ნაცნობ, მძიმე სიტუაციაში და ისევ დაგჭირდეთ სამართლიანი სასამართლო, გაძლევთ გარანტიად საკუთარ სიცოცხლეს, რომ ამას ვერ მიიღებთ "კლანური" მმართველობის პირობებში.

თქვენ გაქვთ შანსი, გააუვნებელყოთ თქვენს ხელში არსებული ნაღმი და შეასრულოთ ისტორიული მისია. შეგიძლიათ წარდგეთ მართალი მომავალი თაობების წინაშე და ბოლოს, თუ ამ წერილის გამო ჩემს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს შეექმნებათ მცირედი საფრთხე მაინც, თქვენ უნდა აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, მე საკუთარი თავი გადადებული მაქვს!" - წერს ბესარიონ ალავიძე. 

ალავიძე რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის ერთ-ერთი წევრი იყო. 

2017 წლის 2 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ ალავიძის და კოლეგიის წევრი კიდევ ერთი მოსამართლის, პაატა ქათამაძის მიმართ ზეწოლის ფაქტებზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. კერძოდ, გამოძიება 2017 წლის 14 იანვარს სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

გარდა ამისა, ბესარიონ ალავიძემ 2019 წელს ხმამაღლა ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და “ჩაწყობებზე”. საქმე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების ჩარიცხვის პროცედურას ეხებოდა - საქართველოში მოსამართლედ დანიშვნა სწორედ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის შემდეგ არის შესაძლებელი. 

რაც შეეხება კლანს - არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მიუთითებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. მათ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე ხელმძღვანელობენ. ლევან მურუსიძე 2018 წლის 27 დეკემბერს უვადოდ განწესდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, მიხეილ ჩინჩალაძე კი 2022 წლის 27 ივნისს მეორედ დანიშნეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იუსტიციის საბჭოში მხოლოდ ერთი - ჩინჩალაძის განაცხადი იყო შესული. 


close დახურვა