პროკურატურის ინფორმაციით, 24 ივნისს ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ორმა პირმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა, 68 წლის კაცს სცემა, პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედების შესრულება აიძულა, ვიდეო გადაიღო და გავრცელების მუქარით თანხა მოსთხოვა.
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, სასამართლომ კი შუამდგომლობის საფუძველზე ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ე.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა მ.რ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რა დროსაც გასტაცეს თანხა. ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ კი გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით რამდენიმე დღის ვადაში მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სხვა შეხედულებების გამო, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ასაკოვან კაცზე ძალადობის კადრები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა. როგორც ცნობილია, კაცი, რომელზეც იძალადეს, თავდასხმის შემდეგ თბილისში, კლინიკაში გადმოიყვანეს. მას ქირურგიული დახმარება დასჭირდა.