logo
ENG



ჰააგის განჩინება რელევანტურ ქვეყნებს გაეგზავნებათ, რათა ეს 3 პირი დავაკავოთ - პროკურატურა

30 ივნ 202220:55
3 წუთის საკითხავი
clock 700
ჰააგის განჩინება რელევანტურ ქვეყნებს გაეგზავნებათ, რათა ეს 3 პირი დავაკავოთ - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატის გამოცემული დაკავების განჩინებები ყველა რელევანტურ სახელმწიფოს გაეგზავნება, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა.

პროკურატურის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. 

სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია, დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ამ საქმეზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურაც.

„ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ გამოძიებით მოპოვებული ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა. ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.“ - წერია პროკურატურის განცხადებაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამო 3 ადამიანის: მიხეილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავით სანაკოევის მიმართ დაკავების ორდერი გასცა.

პირველმა წინასასამართლო პალატამ, რომელიც 3 მოსამართლისგან შედგება და 5 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საქმეებს განიხილავს, პროკურორის, კარიმ ხანის მიერ 2022 წლის 10 მარტს გაკეთებულ განაცხადზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, რომ თითოეული ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე.

სამივე შემთხვევაში გაცემული პატიმრობის ორდერი შეეხება 2008 წლის 8-27 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩადენილ დანაშაულებს, რაც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დაკავებას, მძევლად აყვანას და მათდამი სასტიკ მოპყრობას მოიცავს. 


close დახურვა