სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამო 3 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.
პირველმა წინასასამართლო პალატამ, რომელიც 3 მოსამართლისგან შედგება და 5 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საქმეებს განიხილავს, პროკურორის, კარიმ ხანის მიერ 2022 წლის 10 მარტს გაკეთებულ განაცხადზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, რომ თითოეული ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე.
სამივე შემთხვევაში გაცემული პატიმრობის ორდერი შეეხება 2008 წლის 8-27 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩადენილ დანაშაულებს, რაც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დაკავებას, მძევლად აყვანას და მათდამი სასტიკ მოპყრობას მოიცავს.
„არსებობს გონივრული საფუძვლები, რომ გვჯეროდეს რომ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა საქართველოს სამხრეთ ოსეთის ნაწილში აიყვანეს, შემდეგ დააკავეს, არასათანადოდ ეპყრობოდნენ და ცხინვალის იზოლატორში მძიმე პირობებში ამყოფებდნენ (ე.წ იზოლატორი ან ‘KPZ’), ვიდრე მათ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება გარიგების ინსტრუმენტად გამოიყენებდა და პატიმრებისა და მძევლების გაცვლისთვის გამოიყენებდნენ. გაცვლის შედეგად დაკავებულებს მოუწიათ სამაჩაბლოს დატოვება“ - წერია პალატის განცხადებაში.
პალატამ პატიმრობის ორდერი 3 ადამიანზე გამოსცა:
1. მიხეილ მაიარამის ძე მინძაევი - რუსეთის მოქალაქე, დაიბადა 1955 წელს, ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში. 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრი. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა, მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.
2. ჰამლეტ გუჩმაზოვი - რუსეთის და სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1976 წელს სამაჩაბლოში. 2008 წელს იზოლატორის ხელმძღვანელი იყო. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა, მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.
3. დავით გიორგის ძე სანაკოევი - დაბადებული 1976 წელს ცხინვალში. ოკუპირებულ ცხინვალში პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო ადამიანის უფლებათა საკითხებში, ე.წ ომბუდსმენი. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.
პალატამ ICC-ს რეგისტრატორს მისცა განკარგულება, რომ სასამართლოს პროკურორთან კონსულტაციებითა და თანამშრომლობით, მოამზადოს ეჭვმიტანილთა დაკავებისა და ჩაბარების მოთხოვნა და გადასცეს შესაბამისი ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც სასამართლოსთან ითანამშრომლებენ ეჭვმიტანილთა დაკავების ან ჩაბარებით მოთხოვნის აღსრულებისთვის.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ 2008 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოსა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 2016 წლიდან, სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში დაიწყო.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატა ზედამხედველობს პროკურორის ოფისის საგამოძიებო და საბრალდებო პროცესებს. ასევე განსაზღვრავს გამოძიების პერიოდში რამდენადაა ეჭვმიტანილთა, მსხვერპლთა და მოწმეთა უფლებები დაცული.
წინასასამართლო პალატა ამის შემდეგ წყვეტს გასცეს თუ არა დაკავების ორდერი, ან დაადასტუროს თუ არა დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანისთვის განსაზღვრული სასჯელი.