logo
ENG



მონიტორინგის ჯგუფი, კანონპროექტები - ოცნებამ EU-ს 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარადგინა

01 ივლ 202218:11
3 წუთის საკითხავი
clock 1498
2022/07/01/6vthdg27zml0qij.jpg
ქართული ოცნება

ქართულმა ოცნებამ  ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარადგინა.

პუნქტების შესრულებაზე ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ დღეს იმსჯელა, საბოლოო ვერსია კი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე წარადგინა.

პუნქტი 1 პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ. მონიტორინგის ანგარიშში აისახება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტების მიმართ. მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე.

პუნქტის შესრულების კოორდინაციას კი კობახიძის თქმით,  უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

პუნქტი 2. სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, საპარლამენტო ზედამხედველობა, საარჩევნო კანონმდებლობა

კობახიძის, თქმით საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების ყოვლისმომცველ შეფასებას და მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

ქართული ოცნება აცხდებს, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან კი შეიქმნება საარჩევნო კოდექსის რევიზიის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტარები ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიიდან, აგრეთვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ქართული ოცნების თქმით, მომზადდება ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომელშიც ასახული ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

მეორე მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტი დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს.

პუნქტი 3. სასამართლო რეფორმა, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა

კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი უახლოეს დღეებში განაახლებს მუშაობას და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, მოამზადებს როგორც სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ისე შესაბამისი კანონპროექტების პაკეტს.

მისი თქმით, კანონპროექტი ინიცირებისთანავე დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყება ვენეციის კომისიიდან და ეუთო-ოდირიდან დასკვნების მიღებისთანავე.

გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება 1 სექტემბრამდე, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს პარლამენტი გამოაცხადებს არა უგვიანეს 30 სექტემბრისა, ხოლო კენჭისყრა საბჭოს წევრთა ასარჩევად ჩატარდება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

პუნქტი 4. ანტიკორუფციული ღონისძიებები

პარტიის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციას და წინადადებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველსაყოფად.

კობახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

პუნქტი 5. დეოლიგარქიზაცია

ოცნების ცნობით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა.

პუნქტი 6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობა

ქართული ოცნების მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

1 ნოემბრამდე მომზადდება არსებული მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასება და ჯგუფი შეიმუშავებს წინადადებებს ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე.

პუნქტი 7-8. სათანადო მედიაგარემოს უზრუნველყოფა, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება

ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით,უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ.

პუნქტი 9. გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა

ქართული ოცნების ინიციატივით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გენდერული თანასწორობის საბჭო იმუშავებენ, რათა მომზადდეს საკანონმდებლო წინადადებები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად.

პუნქტი 10. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

კობახიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ეფექტიან ჩართულობას. ის აცხადებს, რომ ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმების შენარჩუნება ევროკავშირის პირობებზე მუშაობის დასრულების შემდეგაც უზრუნველყოფილი იქნება.

პუნქტი 11. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება ქართული სასამართლოს მიერ

ქართული ოცნების ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურების გათვალისწინებით, შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს და პარლამენტს ინიციატივის წესით წარუდგენს 1 სექტემბრამდე. კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს არა უგვიანეს 18 ოქტომბრისა.

პუნქტი 12. სახალხო დამცველის არჩევა

ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესზე კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე ისეთი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის და შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული.

კობახიძის ცნობით, სახალხო დამცველის ასარჩევად კენჭისყრა გაიმართება არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვინაიდან სახალხო დამცველის არჩევა საჭიროებს სულ მცირე 90 პარლამენტის წევრის მხარდაჭერას, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად მისი არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა. 


close დახურვა