logo
ENG



შემოსავლები: ბათუმში შესულ რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე სანქციები არ ვრცელდება

05 ივლ 202218:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/05/raivj0bsesea08s.jpg

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბათუმის ნავსადრუგში შესული რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემები დასანქცირებული არ არის.

მათივე ინფორმაციით, ერთი გემი დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრანზიტული ტვირთით, ხოლო მეორე ტვირთის გარეშეა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, 22:05 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი (რეგისტრაციის ნომრით- m/v “VF Tanker-15” IMO # 9645047), რომელიც დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრანზიტული ტვირთით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.

ამასთან, განვმარტავთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საღუზე რაიონში მყოფი რუსული დროშის ქვეშ მცურავი მეორე გემი (რეგისტრაციის ნომრით - NEFTERUDOVOZ-47M) არის ბალასტით, ანუ ტვირთის გარეშე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გემი შემოსულია ეგვიპტიდან, „დამიეტტას“ ნავსადგურიდან, ხოლო ბათუმის ნავსადგურიდან გეგმავს ტვირთის გატანას ექსპორტზე. აღნიშნულ გემზე, ისევე როგორც ტვირთზე არ ვრცელდება რაიმე სახის შეზღუდვა (აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით 30 ივნისს გაავრცელა).

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაცია, რომ ბათუმის ნავსადგურში, რუსული დროშის ქვეშ მცურავი ორი ხომალდი დგას, დღეს გავრცელდა. 


close დახურვა