logo
ENG



ზურაბიშვილი ალტ-ინფოზე: მთავრობის პასუხისმგებლობაა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგება

05 ივლ 202220:16
3 წუთის საკითხავი
clock 1375

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალტ-ინფოსთან დაკავშირებით წერს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგება, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება.

მისივე თქმით, ასევე ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა, რომ "მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას".

"5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმებტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს.

ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პროროსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება.

ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენასეობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა.

ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას!" - წერს ზურაბიშვილი.

2021 წლის 5 ივლისის ძალადობა ალტ-ინფოს ორგანიზებული იყო. ამ საქმეზე დღემდე არც ერთი ორგანიზატორი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

დღეს, 5 ივლისს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა. 


close დახურვა