რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დღეს მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსულ ჯარს უკრაინაში "ჯერ სერიოზული არაფერი დაუწყია".
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა, მისი თქმით, რაც დრო გავა შეთანხმების მიღწევა უფრო რთული გახდება.
„დღეს ჩვენ ვისმენთ რომ მათ ბრძოლის ველზე ჩვენი დამარცხება სურთ... რა გაეწყობა, რისი თქმა შემიძლია. ნებას მივცემთ სცადონ.
ჩვენ უკვე ბევრჯერ გავიგეთ, რომ დასავლეთს სურს, ჩვენ ბოლო უკრაინელამდე გვებრძოლოს. ეს ტრაგედიაა უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ჩანს, რომ ყველაფერი აქეთ მიდის. თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ჯერ არაფერი სერიოზული არ დაგვიწყია.
იმავდროულად, ჩვენ არ ვამბობთ უარს სამშვიდობო შეთანხმებებზე, თუმცა მათ ვინც უარს ამბობენ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან მოლაპარაკება მათთვის კიდევ უფრო რთული გახდება“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა ამავე შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთთან ბრძოლაში "დასავლეთი უკვე დამარცხდა".
დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობაზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უყურადღებოდ დატოვა რუსეთის მხრიდან დიალოგის ყველა მცდელობა მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე.
„ჩვენი შეთავაზებებზე ევროპაში თანასწორი უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე უარი თქვეს, რაკეტებისგან თავდაცვის პრობლემაზე ერთობლივი მუშაობის ინიციატივაზე უარი თქვეს, გაფრთხილებები NATO-ს გაფართოების მიუღებლობაზე, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე დაიგნორებულია“ - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს ტოტალიტარული ლიბერალიზმის მოდელის დანერგვასა და გავრცელებას. პუტინის აზრით, დასავლელმა ლიდერებმა დესპოტური პოლიტიკის, მათ შორის ცენზურისა და საჯარო ცხოვრებაზე შეზღუდვების დაწესება დაიწყეს.
„დასავლეთის ქვეყნების მმართველმა კლასებმა ... იმის გაანალიზების შემდეგ, რომ მათი პოლიტიკა შორსაა რეალობისგან, საღი აზრისგან, სიმართლისგან, დაიწყეს ცხადად დესპოტური მეთოდების გამოყენება“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
