უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უზარმაზარი შეტევისთვის ემზადება. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროებისთვის ბრძანება გასცა, სამხრეთის რეგიონები დაეკავებინათ.
"უკრაინა საბრძოლო ძალებს აგროვებს, რათა სამხრეთ ნაწილში მდებარე თავიანთი ტერიტორია რუსეთისგან დაიბრუნონ". - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
რეზნიკოვი აცხადებს, რომ შეტევა დასავლური იარაღის გამოყენებით გაძლიერდება. ამასთან, ის ამბობს, რომ ქვეყანას უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად მეტი იარაღი სჭირდება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინას მილიონიანი ჯარი ჰყავს, რომელიც 700 000 სამხედროსგან, დანარჩენი 300 000 კი ეროვნული გვარდიის, პოლიციისა და სასაზღვრო ძალებისგან შედგება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.