ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ადასტურებს 20 მაისს ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის საელჩომ ამოშალა პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა. მის განცხადებას რუსთავი 2 ავრცელებს.
ჩხიკვაძის თქმით, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, მოსამართლე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ევროპელი პოლიტიკოსის მოწოდება, მიიღონ მოსამართლეებმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, პირდაპირი ზეწოლაა სააპელაციო სასამართლოზე.
13 ივლისს ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სააპელაციო სასამართლო "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გაამართლებს, რათა მისივე თქმით, "გამოსწორდეს წარსულის შეცდომები და აღდგეს თავისუფალი მედიის ძლიერი ხმა".
გარდა ამისა, განცხადებაში ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ NGO-ებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან და გადაწყვეტილებები კონსტიტუციის საფუძველზე მიიღონ.
"მას შემდეგ, რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ის, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს, ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები (ანუ რომელიც მე თითქოსდა დავუშვი), გადავწყვიტე, გავაკეთო შემდეგი განცხადება: როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია, ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარი ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოჰყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში? აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავ შემდეგს:
რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და მით უფრო, პოლიტიკური ინტერესი არ გამაჩნია ბრალდებულების მიმართ. თუმცა, ჩემი შეფასებით, ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ჩემს კოლეგებზე, რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და რომელიც აუცილებლად გაძლიერდება (ამის პირადი გამოცდილება სამწუხაროდ გამაჩნია).
მას შემდეგ, რაც ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (აშშ-ის იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში (სადაც ექვსი სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ, ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი.
ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო და არ მინდა, რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ.
და ბოლოს, მინდა, მოვუწოდო პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე", - ნათქვამია ჩხიკვაძის განცხადებაში.
ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეა, რომელმაც 16 მაისს მთავარი არხის დირექტორს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.