პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, მისთვის გაუგებარია "საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატების განცხადება, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა შეიძლება დესტრუქციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს".
დღეს ქართულმა ოცნებამ უარი თქვა რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე, რომლის ჩატარებაც ოპოზიციამ მოითხოვა და პრეზიდენტმა მოიწვია. მმართველი პარტიის წევრების აზრით, სესიების მიზანია "არა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება და ხსენებული რეკომენდაციების საბოტაჟი".
გიორგი მსხილაძის თქმით, ისრების პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გადატანა "ცოტა უხერხულია".
"ბიუროს სხდომაზე იყო განხილვა დღის წესრიგთან დაკავშირებით, არ ვიცი, ლამის ჩვენ მოგვთხოვეს დღის წესრიგის შედგენა. რეგლამენტის თანახმად, სწორედ ბიუროა პასუხისმგებელი დღის წესრიგის შედგენაზე, ასე რომ ამ შემთხვევაში, ისრების ჩვენკენ გამოშვერა ცოტა უხერხულია. უბრალოდ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად ყველა ფორმატში, როგორც სასესიო, ისე არასასესიო ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა, რათა შესრულდეს ის 12 პუნქტი, რაც ევროკავშირმა წამოგვიყენა შესასრულებლად.
პრეზიდენტმა იმოქმედა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, მოიწვია რიგგარეშე სესია, ხოლო დანარჩენი საკითხები, რაც ბიუროს უნდა განეხილა, ამაზე უარი განაცხადა მმართველმა გუნდმა. ჩვენი სურვილი იყო, რომ ამ სესიის დანიშვნით კიდევ ერთხელ გადადგმულიყო ერთი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მოხდა პირიქით". - თქვა მსხილაძემ.