კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს და აშშ-ს ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ და როგორც ძველ, კარგ მეგობრებს, ხანდახან უთანხმოებები აქვთ.
აშშ-ის ელჩმა ასე ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შემფარდებელი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. ლაშა ჩხიკვაძემ თქვა, რომ მას საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა, რის შემდეგაც აშშ-ში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.
კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მარტო არ არის შეშფოთებაში, რომელიც ნიკა გვარამისთვის ბრალის წარდგენას და მის დროულობას ეხება.
"საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც ძველი, კარგი მეგობრები, ხანდახან ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საუბარი ჩვენს უთანხმოებაზე და ამას, როგორც წესი, პირისპირ ვაკეთებთ, რაც ყველაზე ეფექტურია.
ზოგჯერ საჯაროდაც ვსაუბრობთ, თუ ეს საკითხი ჩვენში დიდ შეშფოთებას იწვევს და სწორედ ეს გავაკეთეთ ამ შემთხვევაში. ჩვენ გავავრცელეთ საჯარო განცხადება, რომელიც გამოხატავს აშშ-ის შეშფოთებას, დროულობასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით.
აშშ ამ საკითხში მარტო არ არის, სახალხო დამცველს, რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს იგივე წუხილი ჰქონდათ. ეს არ არის ის, რაც ფარულად მოხდა, ეს საჯაროდ მოხდა და ეს საკმაოდ ნორმალურია. სტანდარტული პრაქტიკაა.
აშშ-მ ძალიან დიდი დრო დაუთმო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე მუშაობას, შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის გაუმჯობესებას, გამჭვირვალობას, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას და ეს მოიცავდა არაერთ გაცვლას აშშ-ს ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. ეს არის რუტინული მოქმედებები, რომელიც მუდმივად ხდება. და თუ ვინმეს სურს, არასწორად დაახასიათოს ისინი, ან იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს, ვიდრე აქვს, ეს, ცხადია, მხოლოდ მათი მიზნებისთვისაა". - თქვა კელი დეგნანმა.
მთავარი არხის დამფუძნებელს და ხელმძღვანელს, ნიკა გვარამიას ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა - მან გვარამია გაამტყუნა ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვის, კომერციულ მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებაში.
20 მაისს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გამგზავრებულიყო.
15 ივლისს ლაშა ჩხიკვაძემ ეს ინფორმაცია თავადაც დაადასტურა და განაცხადა, რომ "სასამართლოს ლანძღვა-გინება ტრენდული გახდა".