ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ოცნების დეპუტატების მხრიდან აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს.
როგორც წერეთელმა გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, გამომძიებელმა დაუსვა შეკითხვა, თუ რას უკავშირებდა დეპუტატების თავდასხმას, რაზეც წერეთელმა უპასუხა რომ თავდასხმის მიზანი აშშ-სთვის შეურაცხყოფის მიყენება იყო.
"პირველი მე ვიყავი გამოკითხვაზე, როგორც ვიცი, ჯერ არც ოხანაშვილი, მგალობლიშვილი, ოდიშარია, ზარქუა არ დაკითხულან. ჩემთან თანმხლები პირები ვინც იყვნენ, ჯერ არავინ დაკითხულა. რაც ვიცოდი, ყველაფერი ვუპასუხე. იყო კითხვა, რას უკავშრებთო და პირდაპირ ვუთხარი, ეს იყო დაგეგმილი, აშშ-სთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა და ჩემი შეშინება, იმიტომ რომ ეს სიგიჟე ოცნებას თუ მოუვიდოდა, თორემ ნებისმიერ ადგილზე დამხვდებოდნენ და მცემდნენ, ქვეყანას ამ სირცხვილს აარიდებდნენ. დაიწყო გამოძიება, მინდა მალე მიაწოდოს საელჩომ მასალები და მასალებს რომ ნახავს საზოგადოება, მიხვდება, როგორი პარლამენტარები ჰყავს საქართველოს", - თქვა წერეთელმა.
ამასთან, ტვ პირველის დამფუძნებლის თქმით, საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს შეესწრო გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც. წერეთლის თქმით, შოთაძე შესაძლო თვითმხილველია და ის პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაკითხოს.
"შოთაძე აუცილებლად უნდა დაკითხონ და გეტყვით რატომ. თუნდაც ეს ინციდენტი რომ მოხდა, ის მანქანაში ჯდებოდა და სავარაუდოდ, ის შეიძლება იყოს ამ თავდასხმის მომსწრე. მანამდე, ადამიანებს რომ ვხვდებოდი, თუნდაც ოხანაშვილი ორ მეტრში იდგა მასთან და სავარაუდოდ, ეს დაინახა მან, ჩვენი კომუნიკაცია ოხანაშვილთან, ამიტომ აუცილებლად უნდა დაკითხოს პროკურატურამ გენერალური პროკურორი, რადგან ის იყო ორივე ადგილზე, სავარაუდო თვითმხილველი. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ ქვეყანაში გენერალური პროკურორი ხარ თუ ბიძინა ივანიშვილი, კანონი არის კანონი და ვფიქრობ, უნდა დაიკითხოს", - ამბობს წერეთელი.
ქართული ოცნების დეპუტატები ტელეკომპანიის მფლობელს თავს 30 ივნისს, საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაესხნენ. TV პირველის ინფორმაციით, ვატო წერეთელს თავს დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა დაესხნენ.
ცოტა ხნის წინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ორი - 126-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.