დღეს საქართველოს ევროპარლამენტარების დელეგაცია ეწვევა.
როგორც ცნობილია, ევროპელი დეპუტატები შეხვედრებს გამართავენ მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წევრებთან.
დელეგაციის შვიდკაციან შემადგენლობაში დავიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი არიან.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი შეხვედრაზე ოცნების მხრიდან ევროკავშირის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე და მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკაზე გაამახვილებენ ყურადღებას.
"ევროპარლამენტის მხრიდან გზავნილები არ შეიცვლება. ცხადია, რომ ისინი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უჭერენ მხარს, მაგრამ ისინი კიდევ ერთხელ დაინახავენ, რომ ქართული ოცნება არ არის კონსტრუქციული და განწყობილი დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციისკენ. მნიშვნელოვანი რეფორმები არ სურს ქართულს ოცნებას. ჩვენ ვეცდებით, რომ გამოსავალი ევროპელ კოლეგებთან ერთად მოვნახოთ"- თქვა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.