logo
ENG



ჯანეზაშვილი: ახლა საბჭოს ყოფილი წევრები გამოიყვანეს აშშ-ის წინააღმდეგ

20 ივლ 202212:54
3 წუთის საკითხავი
 
ჯანეზაშვილი: ახლა საბჭოს ყოფილი წევრები გამოიყვანეს აშშ-ის წინააღმდეგ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ახლა აშშ-ის წინააღმდეგ კამპანიაში საბჭოს ყოფილი წევრები ჩართეს. იგი ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებასა და შოთა ქადაგიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც აშშ-ის საელჩოს ბრალდებებს უყენებენ.

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გზირიშვილი, ხარებავა და ქადაგიძე ამბობს, რატომ არ ხვდება ელჩი "კლანის" წევრებსო. ახლა საბჭოს ყოფილი წევრები გამოიყვანეს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ! ბევრი რამ მახსენდება ამ ხალხზე, რადგან ჩვენ ერთ პერიოდში ვიყავით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მაგრამ მოკლედ მათ შესახებ ესაა:

ლევან გზირიშვილი - ახლა ეს არის მოსამართლის მამა! ეს ის ადამიანია, რომელმაც საბჭოს წევრობის ბოლო დღეებში შვილი გახადა მოსამართლე და ფიცის დასადებად პირადად მიიყვანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ზაზა ხარებავა - მოსამართლე ირაკლი შენგელიასთან დაახლოებული პირი და ამ გზით არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. როგორც თავადაც აღიარა შენგელიასთან აკავშირებს მეჯვარეობა.

შოთა ქადაგიძე - ყველაზე მდუმარე წევრი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევებში იღებდა ხმას თუ ჩემთან დაპირისპირება იყო საჭირო", - წერს ჯანეზაშვილი. 

ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2017-2021 წლებში, პარლამენტის კვოტით იყვნენ დანიშნულნი.

გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებაზე დაყრდნობით ისინი აცხადებენ, რომ აშშ-ის საელჩო კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში ერევა, რაც სხვა მოსამართლეებზე "ირიბი" ზეწოლის მაგალითია.


close დახურვა