იუსტიციის საბჭოს სამი ყოფილი წევრი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს ექომაგება და აშშ-ის ელჩისადმი ბრალდებებს უერთდება. ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე, ლევან გზირიშვილი გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ აშშ-ს საელჩო კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში ერევა, რაც სხვა მოსამართლეებზე "ირიბი" ზეწოლის მაგალითია.
ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2017-2021 წლებში, პარლამენტის კვოტით იყვნენ დანიშნულნი.
საბჭოს ყოფილი წევრები ლაშა ჩხიკვაძეს უქებენ "გამბედაობას" და აკრიტიკებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ აქამდე მას მხარდაჭერა არ გამოუცხადა.
"პრაქტიკულად სიმართლისთვის ბრძოლა მას ჯერჯერობით ინდივიდუალურად უწევს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეცდება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და ამისდა მიხედვით გარკვეული გრადაცია და რაღაც ხათრის თუ თავშეკავების გამოჩენა, ჩანასახშივე ანადგურებს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას. სწორედ ამ პასიურობამაც გადაგვაწყვეტინა ჩვენ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრებს განცხადების გაკეთება. ცხადია, მომხდარი ფაქტი არის საქართველოს კონსტიტუციის და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. სამწუხაროდ, ამ ბრალდებაზე პასუხს ადრესატმა ელჩმა პრაქტიკულად გვერდი აუარა, რაც უკვე უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს. დღემდე ვერ მიიღო მოსამართლემ პასუხი, ამ განაჩენის გამო "დაისაჯა" თუ არა იგი, ვიზიტიდან ამოღების სახით", — ნათქვამია განცხადებაში.
ხარებავა, ქადაგიძე და გზირიშვილი საუბრობენ მოსამართლეების "ვიზიტების დაგეგმვის, ორგანიზების ცალმხრივ და არასწორ პრაქტიკაზე", სადაც საბჭოს როლი უგულებელყოფილია. მათი მოსაზრებით, "არათანაბარი მიდგომის შთაბეჭდილებას" ტოვებს ის, რომ ზოგიერთი მოსამართლე აშშ-ში არც ერთი პროგრამით ან სასწავლო ვიზიტით არაა ნამყოფი, როდესაც მათი კოლეგები არაერთხელ იყვნენ ამერიკაში ვიზიტით.
"უფრო მეტიც აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესთან ან მდივანთან ელემენტარული კომუნიკაციის გარეშე პერიოდულად სტუმრობს ხოლმე გარკვეულ სასამართლოებს, ხვდება და ესაუბრება მოსამართლეებს და ამით ცალსახად ხდება სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლის და ხელმძღვანელობის როლის აშკარა დაკნინება და არაღიარება. და ეს მაშინ, როდესაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ელჩი ერთხელაც არ შეხვედრია თვითონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობას, არ დაინტერესებულა იმ პრობლემატიკით, ან თუნდაც მოსაზრებებით, რაც მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებობს, რაც რბილად რომ ვთქვათ მეტად უცნაური და სამწუხაროა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ადასტურებს 20 მაისს ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის საელჩომ ამოშალა პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა.
ჩხიკვაძე ამბობს, რომ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.
მოგვიანებით, მოსამართლემ ფორმულასთან ისაუბრა და აშშ-ის საელჩოს მოსთხოვა აღნიშნულ თემაზე ახსნა-განმარტება გაეკეთებინა და კითხვაზე, რა ინტერესი აქვთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართულ სასამართლოზე მწვავე ბრალდებებით ილაპარაკონ, უპასუხა რომ "სასამართლოს ლანძღვა-გინება ტრენდული გახდა".
ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ ჩაერია მოსამართლის დამოუკიდებლობაში, არ შეესაბამება სიმართლეს.