logo
ENG



პრაისი: დეზინფორმაცია და დეგნანზე პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორობას

21 ივლ 202200:16
3 წუთის საკითხავი
 
პრაისი: დეზინფორმაცია და დეგნანზე პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორობას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შეურაცხყოფას და თავდასხმებს ეხმაურება. 

სანამ ჟურნალისტების კითხვებს პასუხს გასცემდა, მან განცხადება სწორედ ამაზე გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას. 

"სანამ კითხვებზე პასუხზე გადავალ, მინდა ვთქვა: როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა რეფორმების ჯგუფთან ერთად, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. 

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობას ამ მიზნისკენ სწრაფვაში.  

ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო საქართველოში მოწოდებულია, იმუშაოს საქართველოს ხალხთან და მხარი დაუჭიროს მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ მუშაობენ პარტნიორები ერთმანეთთან. 

ჩვენ 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას". - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. 

ბოლო რამდენიმე დღეა, ქართული ოცნების წარმომადგენლები უშუალოდ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებენ. 

მმართველი პარტიიდან ფორმალურად წასული მიხეილ ყაველაშვილის მიერ გახმოვანებული ვარაუდით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და "რაღაც მოსთხოვა". მან ეჭვი გამოთქვა, "ხომ არ ხდება შანტაჟი".

მანამდე მან დეგნანს წერილიც მისწერა და თქვა, რომ "კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

ირაკლი კობახიძემ კი ელჩს მოსთხოვა განმარტება, "მოხდა თუ არა საელჩოს მხრიდან სასამართლო სისტემაში ჩარევა, რაც დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია". 

საქმე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის მიერ სამოსამართლეო პროგრამიდან ამოშლას ეხება. ჩხიკვაძე პროგრამიდან სწორედ კრიტიკული მედიის დამფუძნებლისთვის თავისუფლების აღკვეთის შემდეგ ჩახსნეს

მოსამართლის მტკიცებით, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

მოგვიანებით, მოსამართლემ აშშ-ის საელჩოს მოსთხოვა, ამ თემაზე ახსნა-განმარტება გაეკეთებინა და კითხვაზე, რა ინტერესი აქვთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართულ სასამართლოზე მწვავე ბრალდებებით ილაპარაკონ, უპასუხა რომ "სასამართლოს ლანძღვა-გინება ტრენდული გახდა".


close დახურვა