logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

26 ივლ 202212:50
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ე.წ. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები ქრისტინე თაკალანძე, "საქართველოს დაზვერვის დავალებით მოქმედებდა და ქართულ სპეცსამსახურებს სამხედრო და სხვა ტიპის ინფორმაციას გადასცემდა". დაკავების ე.წ. სპეცოპერაცია 20 ივლისს ჩატარდა.

ე.წ. უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ ჯაშუშობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია.

ვიდეოში, რომელიც ე.წ. უწყებამ გაავრცელა, "დანაშაულის მტკიცებულებებად" ნაჩვენებია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ბარათი და ფურცელზე ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტი, სადაც, სავარაუდოდ, მას გარკვეული მედიკამენტების შეძენას სთხოვენ.

"თუ სადმე წახვედი, გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე"- წერია ფურცელზე.

კადრებში ასევე ჩანს კიდევ ერთი, ნახევრად დამწვარი ფურცელი, რომელზეც ხელით დაწერილი ტექსტია. 

ქრისტინე თაკალანძის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.

უწყების ცნობით, თაკალანძის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

"უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს"- აცხადებენ სუს-ში.


close დახურვა