მედიის ადვოკატირებისთვის კოალიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან მთავარი არხის ჟურნალისტის შეურაცხყოფას ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კობახიძის გამონათქვამები პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის ფარგლებში შეისწავლოს.
კოალიცია გმობს კობახიძის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას და მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", მიიღოს ზომები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მოიცავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას გააუმჯობესოს მედიაგარემო ქვეყანაში.
"გასათვალისწინებელია, რომ "საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი"[2] საქართველოს პარლამენტის წევრებს უზღუდავს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბარს. ასევე, ვალდებულები არ შელახონ საჯარო ფუნქციის შესრულებისას მათთან კომუნიკაციაში მყოფი პირებს არ შეულახონ პატივი და ღირსება.
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები", - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
ამასთან, კოალიცია მიმართავს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების ფარგლებში კორექტულად უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებსაც, რაც მათთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს.
გუშინ, 25 ივლისს ირაკლი კობახიძეს მთავარი არხის ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ "კობახიძის მამა კაგებეშნიკია", რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს - "გულისამრევი" და "სამარცხვინო".
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტზე თავდასხმა დღესაც გააგრძელა. კობახიძის თქმით, ჟურნალისტი "სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირზე დუჟი მოადგა".