logo
ENG



პაპუაშვილი დეგნანზე: იმედია, საგარეო დაინტერესდება, საქმე ეხება საქართველოს მოსამართლეს

26 ივლ 202220:59
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი დეგნანზე: იმედია, საგარეო დაინტერესდება, საქმე ეხება საქართველოს მოსამართლეს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "იმედს გამოთქვამს", რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება კელი დეგნანის მიერ "გაუკეთებელ განმარტებებზე" მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შესახებ. 

პაპუაშვილის თქმით, "აქვს მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუ საჭიროა განმარტებების გაკეთება მოსამართლის მიმართ პირადად ან საჯაროდ, გამონახოს ფორმა და ეს განმარტებები გააკეთოს". 

"მოვისმინეთ მოსამართლის ძალიან მძიმე განცხადება, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდა ზეწოლასთან და ასევე, შესაძლოა, საქმე გვქონდა დისკრიმინაციულ მიდგომასთან მოსამართლის მიმართ. ამაზე, ნაცვლად გამჭვირვალე განმარტებისა, სამწუხაროდ, ბუნდოვანებაა შენარჩუნებული.

ჩემთვის, როგორც გულშემატკივრისთვის, აშშ-ის ჩართულობისა მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში და ვიცი, წლების განმავლობაში რამხელა ენერგიაა ჩადებული აშშ-ის მხრიდან ამ საქმეში, მნიშვნელოვანია, ჩრდილი არ მიადგეს ამ დახმარებას და მე მექნებოდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუ საჭიროა განმარტებების გაკეთება მოსამართლის მიმართ პირადად ან საჯაროდ, გამონახოს ფორმა და ეს განმარტებები გააკეთოს.

ასევე მაქვს მოლოდინი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება ამ საკითხით, ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს მოსამართლეს და მნიშვნელოვანია, აქ რაიმე ბუნდოვანება და კითხვის ნიშანი არ დარჩეს, ეს აშშ-თან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც გულშემატკივარს ამ პარტნიორობისა, იმედი მაქვს, უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

***

ბოლო რამდენიმე კვირაა, ქართული ოცნების წარმომადგენლები აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებენ. 

მმართველი პარტიიდან ფორმალურად წასული მიხეილ ყაველაშვილის მიერ გახმოვანებული ვარაუდით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და "რაღაც მოსთხოვა". მან ეჭვი გამოთქვა, "ხომ არ ხდება შანტაჟი".

მანამდე მან დეგნანს წერილიც მისწერა და თქვა, რომ "კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

ირაკლი კობახიძემ კი ელჩს მოსთხოვა განმარტება, "მოხდა თუ არა საელჩოს მხრიდან სასამართლო სისტემაში ჩარევა, რაც დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია". 

საქმე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის მიერ სამოსამართლეო პროგრამიდან ამოშლას ეხება. ჩხიკვაძე პროგრამიდან სწორედ კრიტიკული მედიის დამფუძნებლისთვის თავისუფლების აღკვეთის შემდეგ ჩახსნეს

მოსამართლის მტკიცებით, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

მოგვიანებით, მოსამართლემ აშშ-ის საელჩოს მოსთხოვა, ამ თემაზე ახსნა-განმარტება გაეკეთებინა და კითხვაზე, რა ინტერესი აქვთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართულ სასამართლოზე მწვავე ბრალდებებით ილაპარაკონ, უპასუხა რომ "სასამართლოს ლანძღვა-გინება ტრენდული გახდა".

ბრალდებებს აშშ-ის ელჩმა უპასუხა და თქვა, რომ არავინ ცდილობს საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევას, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები არ შეესაბამება პარტნიორობას. 


close დახურვა