
პარტია ლელო საქართველოსთვის წევრი, სალომე სამადაშვილი პალიტრანიუსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობები "ფსკერზეა დასული".
სამადაშვილის თქმით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები მინიმალურ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებებიც.
ლელოს წევრი აცხადებს, რომ ვიდრე ივანიშვილი და ოცნება ხელისუფლებაშია, საქართველოს ევროპული მომავალი ვერ ექნება.
„ნახეთ განცხადებები მთავარი სტრატეგიული მოკავშირეების სენატიდან, ნახეთ რა შეფასებები კეთდება გასული დღეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სხვა, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ის, რაც ვაშინგტონში ვიხილე. 30 წლის მანძილზე არ ყოფილა ასეთ მინიმალურ ნიშნულზე დასული ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები აშშ-სთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. აქამდე მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები დასავლეთთან. ამიტომ ვამბობ, რომ მე პირადად არანაირი მოლოდინი არ მაქვს.
თუ დღეს საუბარი არის იმაზე, რომ ამ ქვეყანას რაიმე პერსპექტივა მიეცეს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების, შემიძლია, კიდევ ერთხელ და პირდაპირ გითხრათ, სანამ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ამ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში, არანაირი ევროპული მომავალი არავის არ ემუქრება, რაც გვემუქრება არის ის, რომ რაც მოპოვებული გვაქვს ესეც ეტაპობრივად დავკარგოთ. ქვეყანა უკვე მისულია ფსკერამდე. ფსკერზეა დასული ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან და მათ შორის ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, სხვა შეფასებას ვერ გავუკეთებთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დღეს მართველი პარტიის, ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პალიტრანიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები იმაზე მჭიდროა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
"ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც არცერთი ხელისუფლება ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა. ამას აღიარებენ აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები" - განაცხდა ღუდუშაურმა.
ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კი იმედის ეთერში განაცხადა, რომ ამჟამად "საქართველოს მიმართულება არის დასავლური - ეს კურსი ურყევია, აღარასდროს გადაიხედება".