logo
ENG



ჯონ ტეფტი: საფუძველს მოკლებულია აზრი, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს

30 ივლ 202212:37
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი აცხადებს, რომ ძალიან დამაბნეველია კელი დეგნანის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია. 

"ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ". - ამბობს ჯონ ტეფტი ამერიკის ხმასთან. 

მისი განცხადებით, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია აზრი, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. 

"ზოგიერთები საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს. ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებული არგუმენტია. ყოველ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რაც მე რუსეთის ომთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ ვიცი... როცა ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც სხვა ხდება, ჩემთვის ეს საღ აზრს მოკლებული განცხადებებია. არ მესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რადგან ამის შესახებ აქ, ვაშინგტონში ნამდვილად არაფერი მსმენია და მე მჭიდრო კავშირი მაქვს უამრავ ადამიანთან, როგორც მთავრობაში, ასევე მის გარეთ". - თქვა ჯონ ტეფტმა. 

***

ბოლო რამდენიმე კვირაა, ქართული ოცნების წარმომადგენლები აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებენ. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად რუსეთის მხარე დაიჭირა, ბიძინა ივანიშვილს დასავლეთიდან სანქციები დაემუქრა. 

გარდა ამისა, დეოლიგარქიზაცია დაასახელა ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ერთ-ერთ მთავარ პირობად. 

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააძლიერეს ანტიევროპული და ანტიამერიკული რიტორიკა. ისინი დასავლეთს ბრალს სდებენ, რომ მათ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. მმართველი პარტიის წარმომადგენლების ამ განცხადებებს კელი დეგნანმა "დეზინფორმაცია და რუსული ფსბ-ის მეთოდები უწოდა". 

კერძოდ:

მმართველი პარტიიდან ფორმალურად წასული მიხეილ ყაველაშვილის მიერ გახმოვანებული ვარაუდით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და "რაღაც მოსთხოვა". მან ეჭვი გამოთქვა, "ხომ არ ხდება შანტაჟი".

27 ივლისს ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ოლიგარქმა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ 21 მარტს კელი დეგნანს შეხვდა და ეს შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. 

ივანიშვილის მიერ შეხვედრის დადასტურების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ აშშ-ის ელჩმა მმართველი პარტიის დამფუძნებელს "მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა". 

მანამდე მან დეგნანს წერილიც მისწერა და თქვა, რომ "კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

ირაკლი კობახიძემ კი ელჩს მოსთხოვა განმარტება, "მოხდა თუ არა საელჩოს მხრიდან სასამართლო სისტემაში ჩარევა, რაც დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია". 

საქმე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის მიერ სამოსამართლეო პროგრამიდან ამოშლას ეხება. ჩხიკვაძე პროგრამიდან სწორედ კრიტიკული მედიის დამფუძნებლისთვის თავისუფლების აღკვეთის შემდეგ ჩახსნეს

მოსამართლის მტკიცებით, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

მოგვიანებით, მოსამართლემ აშშ-ის საელჩოს მოსთხოვა, ამ თემაზე ახსნა-განმარტება გაეკეთებინა და კითხვაზე, რა ინტერესი აქვთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართულ სასამართლოზე მწვავე ბრალდებებით ილაპარაკონ, უპასუხა რომ "სასამართლოს ლანძღვა-გინება ტრენდული გახდა".

ბრალდებებს აშშ-ის ელჩმა უპასუხა და თქვა, რომ არავინ ცდილობს საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევას, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები არ შეესაბამება პარტნიორობას.


close დახურვა