logo
ENG



"იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" - 7 აგვისტოს, ომის 14 წლის თავზე აქცია გაიმართება

01 აგვ 202214:25
3 წუთის საკითხავი
clock 1144

"იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" - 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე პირველი სკოლის წინ, 21:00-ზე აქცია გაიმართება. 

აქციის ორგანიზატორები არიან ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და აფხაზთა კრება.

აქციაზე ნაჩვენები იქნება ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს. 

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის თქმით, ფილმი შეეხება აფხაზეთში ქართველების გენოციდს და ასევე იქნება აგვისტოს ომის კონტექსტიც - ზოგადად რუსეთის და მისი კონტროლირებადი დანაშაულებრივი ჯგუფების დანაშაულებებზე.

ორგანიზატორთა თქმით, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა.

"წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა წინაშე ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ, რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო". - აცხადებენ ისინი. 

გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მტერი - პუტინის რუსეთი  ქვეყანას მხოლოდ იარაღით არ უპირისპირდება.

"იარაღი და ძალადობა მათი მთავარი ინსტრუმენტია, თუმცა ამავე დროს ცდილობს მორალურად გაგვტეხოს. ამას აკეთებს საკუთარი პროპაგანდითა და სამწუხაროდ ჩვენივე დღევანდელი ივანიშვილის რეჟიმის ხელით. ცდილობს, რომ საზოგადოებას აერიოს ერთმანეთში მტერი და მოყვარე, დაივიწყოს თუ ვინ არის ბოროტება, ვინ არი მტერი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე სახიფათო ამბავი, იარაღზე უფრო სახიფათოც კი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ საკუთარ თავს შევახსენოთ, თუ რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე, როცა საბჭოთა, პოსტსაბჭოთა ან პუტინის რუსეთზე ვსაუბრობთ. ეს არის ქვეყანა, რომლის ამოცანაც არის ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი სახელმწიფოს განადგურება. ამას უნდა დავუპირისპიროთ მყარი პოზიცია და სიცხადე.

ამიტომ არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი, რომ დღეს, როცა თავისუფალი სამყარო დაგვიანებით, თუმცა აფასებს ამ საფრთხეს ადეკვატურად, ვაქციოთ ქართველების გენოციდი აფხაზეთში, როგორც შიდა, ასევე გარე ასპარეზზე მნიშვნელოვან საკითხად". - განაცხადა გიგა ბოკერიამ

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, იმ აღვირახსნილ, ანტიდასავლურ პროპაგანდას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მხოლოდ სიმართლით შეიძლება დავუპირისპირდეთ.

"ქართველები დავიჩაგრეთ, მაშინ, როცა რუსეთი გენოციდს გვიწყობდა არც სოც.მედია იყო და არც დასავლეთის განწყობა იყო ისეთი, რომ რუსეთის დანაშაულები ადეკვატურად შეგვეფასებინა.

ჩვენი მოვალეობაა, რომ ისტორიული სამართლიანობა აღვადგინოთ და ის, რაც 1992-1993 წლებში მოხდა აფხაზეთში გენოციდად შევაფასოთ. ჩვენ ამის შესახებ მოძრაობა დავიწყეთ უკვე მაისში,

ეს მოძრაობა გაფართოვდება და ზუსტად დღეს ჩაეშვება კამპანია, სადაც ძალიან ბევრი მოქალაქე გამოხატავს საკუთარ აზრს აფხაზეთში მომხდარის შესახებ, იმისთვის რომ საერთაშორისო დისკუსია დაიძრას, გაირკვეს ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ჩამოყალიბდეს ადეკვატური აზრი პუტინის რუსეთზე, ნებისმიერი სახის რუსეთზე, რომელიც აგრესორია და მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს ვერ ეგუება, იმისთვის რომ ჩვენი საზოგადოება აიცრას ამ ბოროტების იმპერიაზე". - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. 


close დახურვა