logo
ENG



აზარაშვილი უკრაინელ ლტოლვილებზე: პოლიტიკოსებმა თავი დაანებონ პროვოკაციებს

01 აგვ 202215:49
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი პროვოკატორებს უწოდებს პოლიტიკოსებს, რომლებიც ხელისუფლებას უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროდან გამოსახლების გამო აკრიტიკებენ. 

31 ივლისს უკრაინელი ლტოლვილების საქართველოს სასტუმროში განთავსების პროგრამა დასრულდა. შესაბამისად, დღეს, 1-ლ აგვისტოს მათ დატოვეს ადგილები, სადაც ამ დრომდე ცხოვრობდნენ. სასტუმროში ცხოვრებას მათ ადგილობრივი თვითმმართველობები უფინანსებდნენ, დღეიდან კი ლტოლვილების დახმარება ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებაა. 

დღეს პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროებიდან გამოსახლება და დაფინანსების პროგრამის შეწყვეტა მტრული ნაბიჯია. მან ბიზნესის და მოხალისეების დახმარებით 300 უკრაინელს თავშესაფარი უპოვა. დასაბინავებელი რჩება 800 ადამიანი.

ხელისუფლება თითო უკრაინულ ოჯახს 300 ლარს გადაუხდის, ასევე, ინდივიდუალურად 45 ლარს. 

აზარაშვილი ხნის, რატომ თანხის ეს ოდენობა. 

"უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებული და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვყავს 300 000-მდე ჩვენი დევნილი თანამემამულე. ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულე დევნილებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეუწონელია და მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს". - ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სასტუმროების დიდი ნაწილიდან ლტოლვილები უკვე გამოიყვანეს. 

"დევნილთა სააგენტოს თანამშრომლები დადიოდნენ 3 კვირის განმავლობაში ამ 40 სასტუმროში და ყველა იმ დევნილს, რომელიც აღრიცხეს და შესაბამისი განაცხადები შეავსეს, ბანკთან შეთანხმებით გაუხსნეს ანგარიშები და უკვე ჩარიცხული აქვთ ყველას შესაბამისი დახმარებები. სპეკულაციაა, თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს და ასე ნამდვილად არ არის. ჩვენი მხრიდან ხდება ამ თანხების ფარგლებში ბინების შეთავაზება სხვადასხვა რაიონებში. ჩვენმა თანამშრომლებმა მოიძიეს ასეთი ბინები".- თქვა აზარაშვილმა


close დახურვა