logo
ENG



კალაძე: იპოდრომზე პარკის პროექტში ცვლილებები შევიდა, მცირდება საპარკინგე ადგილები

02 აგვ 202213:11
3 წუთის საკითხავი
clock 1067

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა. 

კერძოდ, მცირდება საპარკინგე ადგილები, მათ ადგილზე კი გამწვანებული და სპორტული ზონები განთავსდება - 440 ადგილის ნაცვლად, პარკში 245 საპარკინგე ადგილი დარჩება. 

"პროექტში შევიდა შემდეგი სახის ცვლილებები: საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა. პარკში დარჩება 245 საპარკინგე ადგილი, ნაცვლად 440 ადგილისა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანებული სივრცეები და ჩოგბურთის სპორტული მოედანი მოეწყობა. გარდა ამისა, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, გაუქმდება და აღნიშნულ ფართობზე მოეწყობა მხოლოდ გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის". - თქვა კალაძემ. 

მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. კალაძემ თქვა, რომ "ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს" და პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ გაიღებს.

"მინდა, ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომელიც საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიგო, ნაწილმა კიდევ კარგად გაიგო, მაგრამ ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. საქველმოქმედო ფონდი ქართუ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა ამ სივრცის დედაქალაქისთვის გადაცემით, მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი - გამწვანების, მოწესრიგების, რეაბილიტაციის, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე. მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არცერთი თეთრი. პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო". - თქვა თბილისის მერმა. 


close დახურვა