logo
ENG



ნინო ჟიჟილაშვილს სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

03 აგვ 202219:25
3 წუთის საკითხავი
clock 1126
2022/08/03/smejd5pmz53khq9.png

ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. 

ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრის ავტორი თბილისის პროკურატურაში დღეს, 3 აგვისტოს, სუს-ის მასალების გაჟონვიდან თითქმის 1 წლის თავზე დაიბარეს. 

მასალებში ნინო ჟიჟილაშვილი 19-ჯერ არის ნახსენები. ასახულია მისი საუბარი რესპონდენტებთან. ჟურნალისტის თქმით, უსმენდნენ გადაცემა პოლიტმეტრის ყველა თანამშრომელს, მათ შორის, სტაჟიორებსაც. ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ ეს პროფესიული საქმიანობის შეზღუდვაა. 

ბოლო დროს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პროკურატურა ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსს მას შემდეგ ანიჭებს, რაც მათი საქმეები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იგზავნება. 

"ახლა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რა სისწრაფით წავა გამოძიება. ჩვენი ადვოკატებისგან ვიცით, რომ შესაძლებელია ამ საქმის გაცილებით სწრფ ტემპში წარმოება. ვნახოთ, როგორ პოლიტიკურ ნებას გამოავლენს დღეს საგამოძიებო უწყება, რომელიც, სამწუხაროდ. ხშირად ეს სწორედ პოლიტიკურ დაკვეთაზეა დამოკიდებული. 

კითხვები იყო საქმესთან დაკავშირებით. მე სუს-ის ფაილებში დაახლოებით 20-ჯერ ვარ ნახსენები, აქედან 5 არის სრული სატელეფონო ჩანაწერი სასულიერო პირებთან. იყო კითხვები, სად ვნახე მე ეს ჩანაწერები, როგორ მოვიპოვე, როგორ დავაიდენტიფიცირე, გადმომცა თუ არა ვინმემ, მე გადავეცი თუ არა სხვას. მე მივაწოდე ჩემ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გამომძიებელს. 

ყველა ჩანაწერი, რომელიც კრებსებში ჩემთან დაკავშირებით ვნახე, არის ავთენტური, ეს ჩანაწერები ნამდვილად იყო". - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ. 

ნინო ჟიჟილაშვილამდე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა თამარ ჩიხლაძესაც, რომელიც ასევე ფორმულას წარმოადგენს. 

ჟურნალისტებმა სუს-ის კრებსების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით 13 ივლისს მიმართეს. 20-ზე მეტი პირის სახელით სარჩელი წარადგინა საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ. ამასთან, 10 ჟურნალისტის უკანონო მოსმენა-მიყურადების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა მედიამბოდსმენმაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 2021 წლის 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ფაილებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აწარმოებს. 


close დახურვა