logo
ENG



კალანდარიშვილს უკვირს, რომ ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად არ წარადგინა

05 აგვ 202220:56
3 წუთის საკითხავი
clock 1368

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა თავად კალანდარიშვილი მათ შორის არაა.

როგორც კალანდარიშვილმა ფორმულას განუცხადა, მისთვის სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

"პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი - ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ რეალურად, მე სანამ ვიქნები და როგორც ვიქნები, ბუნებრივია დავიხარჯები მაქსიმალურად და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებ მაქსიმუმს, იმისთვის რომ ბოლომდე, ამ მოკლე პერიოდში, რაც დარჩენილია ასევე წარმატებით განხორციელდეს. კანდიდატებს კი წარმატებას ვუსურვებ. მას [ზურაბიშვილს] უნდა ჰკითხოთ ალბათ რაზე დაყრდნობით და რა გარემოებების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. კონკურენციის მომენტიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი რომ ამ გარემოებაზე დაფუძნებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა სხვა მხრივ ალბათ თავად ქალბატონ პრეზიდენტთან ჯობს ამ საკითხის დაზუსტება. არც ერთ პარტიასთან პირადი კომუნიკაცია არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ვადასტურებდი, რომ პრეზიდენტის ეტაპის გადალახვის შემთხვევაში მზად ვიყავი შევხვედროდი ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას რომელიც წარმოდგენილი იყო საკანონმდებლო ორგანოში", - თქვა კალანდარიშვილმა.

***

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა არ დაასახელა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ სიაში არ მოხვდა. 

 


close დახურვა