logo
ENG



ისრაელი მეორე დღეა ღაზას ბომბავს და მიზეზად "თავდასხმის პრევენციის ოპერაციას" ასახელებს

06 აგვ 202221:18
3 წუთის საკითხავი
clock 913
2022/08/06/xzjhgamwyl0z6h9.jpg
Mohammed Salem / Reuters

ისრაელი უკვე მეორე დღეა ღაზას სექტორს ბომბავს და მიზეზად პალესტინელი ისლამური ჯიჰადის სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ პრევენციულ ოპერაციას ასახლებს.

გასული წლის 11-დღიანი დაპირისპირების შემდეგ ეს სიტუაციის ყველაზე მასშტაბური ესკალაციაა. 

პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად 14 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის სულ მცირე 4 ისლამური ჯიჰადის სამხედროა, 1 კი 5 წლის ბავშვია. პალესტინის ცნობით, დაშავდა 110-ზე მეტი ადამიანი. 

ისრაელის თქმით, დღეს კვლავ მიიტანეს იერიში ისლამური ჯიჰადის სამხედროებზე, ვინც, მათი თქმით, ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასაშვებად ემზადებოდნენ. 

ისრაელის თავდასხმის შედეგად, თვითმხილველების ცნობით, დამატებით 5 სახლი დაინგრა. 

დაპირისპირება გუშინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დღისით დაბომბა მრავალსართულიანი შენობა ქალაქ ღაზაში და მოკლა ისლამური ჯიჰადის ჯგუფის ერთ-ერთი მეთაური, ტეისირ ალ-ჯაბარი. ისლამურმა ჯიჰადმა ისრაელის მხრიდან დაბომბვას “ომის გამოცხადება” უწოდა და სულ მცირე 160 რაკეტა ისროლა ისრაელის სამხრეთი ნაწილისკენ. 

ისრაელის ამ რეგიონში განგაშის ზარი ჩაირთო და მოსახლეობამ თავშესაფარში გადაინაცვლა მოდიინში, თელ-ავივსა და იერუსალიმში. ისრაელმა რაკეტების უმეტესობა გაანეიტრალა. სასწრაფო დახმარების სამსახურს მოქალაქეების სერიოზული დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ახალ დაპირისპირებას წინ უძღოდა ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერის, ბასამ ალ-საადის დაკავება ქალაქ ჯენინში მიმდინარე კვირის დასაწყისში. მაშინ ჯგუფმა ღიად განაცხადა, რომ ისრაელს სამაგიეროს გადაუხდის.

ისრაელი ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაჯგუფება სამხედრო და სამოქალაქო ავტომობილებზე თავდასხმას გეგმავდა, ხოლო ამ დროისთვის ისლამური ჯიჰადის გეგმები ჩაშალეს. 

თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე კი ისრაელმა ღაზისკენ ნავთობის დაგეგმილი მიწოდება შეაჩერა. შედეგად ტერიტორიაზე არსებული ერთადერთი ენერგო სადგურის მუშაობა შეუძლებელი გახდა, ხოლო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დღეს 8 საათამდე შეიზღუდა. 

2021 წლის მაისში 11-დღიანი დაპირისპირების შემდეგ, რომელსაც სულ მცირე 250 პალესტინელი და 13 ებრაელი ემსხვერპლა, საზღვართან სიტუაცია მეტწილად წყნარი იყო. 

გაეროში შუა აღმოსავლეთის წარმომადგენელმა, ტონ ვენსლენდმა განაცხადა, რომ ის ძალიან შეშფოთებულია დაპირისპირების გამო და დაგმო ისრაელის თავდასხმა. 

ღაზას ქუჩები შაბათს შუადღისას ადამიანებისგან თითქმის დაცარიელებული იყო. შენობა, სადაც ისლამური ჯიჰადის მეთაური ტეისირ ალ-ჯაბარი დაიღუპა ნანგრევებითაა დაფარული. 

ერთ-ერთმა ადგილობრივმა Reuters-ს უთხრა, რომ ისრაელი ისე მოიქცა, როგორც წარსულში - მის ჯარს თავდასხმამდე მოსახლეობა არ გაუფრთხილებია.

ისრაელის ჯარის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მათ ყველაფერი მოიმოქმედეს, რათა მშვიდობიანი მოქალაქეებზე ზიანი თავიდან აერიდებინათ. მისი თქმით მოულოდნელი იერიში შენობის მხოლოდ იმ სართულზე მიიტანეს, სადაც ტეისირ ალ-ჯაბარი იმყოფებოდა. 


close დახურვა