logo
ENG



"ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია"- ბრეგაძე აფხაზეთის ოკუპაციის წლებზე

08 აგვ 202221:13
3 წუთის საკითხავი
clock 894
"ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია"- ბრეგაძე აფხაზეთის ოკუპაციის წლებზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთს 14 წელია, ოკუპირებული აქვს ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.

ბრეგაძის აზრით, ღარიბაშვილი "ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრია" და საქართველოს ისტორიაც "ძალიან კარგად იცის".

"ირაკლი ღარიბაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი იყო. დამერწმუნეთ, მან ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია და ბევრი რამ გააკეთა თავდაცვის ძალებისთვის. ნებისმიერ სამხედროს შეგიძლიათ ამის შესახებ ჰკითხოთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, ვისაც ვიცნობ. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოს მან რაიმე განცხადება შეგნებულად გააკეთა და ა.შ არის ყოვლად დაუშვებელი. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მას ძალიან ბევრი აქვს ამ ქვეყნისთვის და კონკრეტულად თავდაცვის ძალებისთვის გაკეთებული"- ამბობს ბრეგაძე.

აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა. სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა - 29 წლის წინ, ხოლო ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულმა ძალებმა "დამოუკიდებლობა" 1990 წელს გამოაცხადეს, რასაც სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა. 1992 წლიდან (სოჭის ხელშეკრულება) რეგიონში განთავსდა "მშვიდობისმყოფელთა" შერეული ძალები. 2008 წლის ომის შემდეგ რეგიონს მთლიანად რუსეთის ხელისუფლება აკონტროლებს. 

რაც შეეხება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2021 წლის 21 იანვარს გამოვიდა - მასში ნათქვამია, რომ "რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისათვის. შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ". 

 


close დახურვა